თბილისის საკრებულოს წევრის, კობა კობალაძის თქმით ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის, ნინო გოცაძის განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა, არაკონსტრუქციული და ალოგიკურია. როგორც გადაცემა „პრიორიტეტში" კობალაძემ განაცხადა, იგი ირაკლი ლექვინაძეს კარგად იცნობს და აქედან გამომდინარე, მსგავსი რამ მისთვის წარმოუდგენელია. ამას ისიც ემატება, რომ თბილისის მერია მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად იზოლირებული და განსხვავებული პარკის გაშენებას გეგმავს, რასაც ბოტანიკურ ბაღთან არანაირი შეხება არ ექნება.
„უნდა ვიცნობდეთ ლექვინაძეს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ მოწესრიგებული ინტელექტუალური ადამიანი. დიდი შეუსაბამობაა მის სიტყვებზე ამის ინტერპრეტირება.
ვიცე-მერმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. საფუძველი იმისა, რომ მხოლოდ გოცაძეს დავუჯერო, არ მაქვს. აქედან გამომდინარე შევხედოთ პროცესს."- განაცხადა კობა კობალაძემ.
ავჭალის რაიონის დეპუტატმა საკრებულოში, ამავე რაიონში გატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეაჯამა. კობალაძის თქმით, ავჭალაში, ისევე როგორც ქალაქის თითქმის ყველა პერიფერიაში ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, როგორიცაა სანიაღვრე სისტემისა და წყალსაკანალიზაციო სისტემის გაყვანა.
„ცენტრალიზებული უბნებიდან ფოკუსირება გადავიდა პერიფერიებში. არის ადგილები, სადაც „შემოერთებულ რაიონებში" აბსოლუტურად არ არის წყალსაკანალიზაციო სისტემა, არ არის ინფრასტრუქტურა. იქ, სადაც არ არის სანიაღვრე სისტემა და ა.შ. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გზის დაგებაზე.
მე არ ვსაუბრობ იმაზე, რა იყო და რა არ იყო. იქ, სადაც არ არის ცენტრალური წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დანარჩენ პრიორიტეტებზე. ამ თემაზე კამერების წინ არ გვიკეკლუცია, მაგრამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" ერთად ფაქტობრივად შემოვიარეთ მთელი ის რაიონი, რომელზეც პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. რა თქმა უნდა ამაში იყო ჩართული მერიაც და გამგეობაც."- განაცხადა კობალაძემ.