reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: მთაში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 56 ლარით ეზრდებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:59
ინტერვიუ
ზაქარია ქუცნაშვილი: მთაში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 56 ლარით ეზრდებათ
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 12:43

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეები სპეციალური პრივილეგიით ისარგებლებენ. როგორც ქუცნაშვილმა „რეპორტიორს" განუმარტა, მაღამთიან რეგიონებში მოღვაწე მეწარმეები ექვსი გადასახადის ნაცვლად მხოლოდ ერთს გადაიხდიან.


ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა:


- 1 იანვრიდან ძალაში შედის „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" საქართველოს სპეციალური კანონი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართველ ბიზნესმენებს, ქართველ და უცხოელ მეწარმეებს მოვუწოდო, რომ გააფართოვონ ან გადაიტანონ თავიანთი ბიზნესი თიანეთში, დუშეთში და მაღალმთიან წერტილებში. 1 იანვრიდან მხოლოდ ერთი გადასახადი იმოქმედებს მთაში გახსნილ საწარმოებზე. ეს იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც იმდენად შეღავათიანი საგადასახადო ტვირთი გახლავთ, რომ ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, ბიზნესი აწარმოონ მთაში. მთავრობა უახლოეს კვირებში გამოაცხადებს ეკონომიკური საქმიანობის იმ სფეროებს, სადაც გავრცელდება საგადასახადო შეღავათების რეჟიმი. ასევე, გამოაქვეყნებს იმ დასახლებების სრულ ნუსხას, სადაც გავრცელდება მაღალმთიანი რეგიონების სპეციალური კანონი. ეს იქნება 1300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.


ასევე 2016 წელს მთაში მცხოვრები პენსიონრებისთვის პენსია გაიზრდება 56 ლარით. ამით ჩვენ ვაჩვენებთ დამოკიდებულებას, რომ მთიან რეგიონებს საზოგადოების მხრიდან სჭირდება ყურადღება.


- რას ფიქრობთ პატრიარქის ინიციატივაზე, რომ მას ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება?  ზოგადად თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულზე, საჭიროა თუ არა რეფერენდუმი ამ საკითხზე?


- მე, როგორც კონსტიტუციური შეთანხმების ერთ-ერთი თანაავტორი, ვრჩები იმ პრინციპების ერთგული, რაც დაედო საფუძვლად კონსტიტუციურ შეთანხმებას. ეს არის საერო და საეკლესიო საქმიანობის გამიჯვნა და მთელი რიგ სფეროებში საერო და საეკლესიო საქმიანობის თანაარსებობა. ამიტომ, ჩემთვის კონსტიტუციური შეთანხმების პრინციპები რჩება ძალაში.


რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოსაზრებას, ასეთ ვარიანტს შევთავაზებდი საზოგადოებას: მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, არათუ მის უწმინდესობას, არამედ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებისთვის. შესაბამისად, ამ დოკუმენტაციას სწავლობს შეწყალების კომისია და შემდეგ გადაეცემა პრეზიდენტს. მე შევთავაზებდი მოდიფიცირებულ ვარიანტს, რომ მის უწმინდესობას, თუ მას სურვილი ექნება, ჰქონდეს უფლება, რომ კომისიის გვერდის ავლით პირდაპირ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. ანუ, მისი უწმინდესობის თხოვნა არ გახდეს კომისიის რევიზიის საგანი და მისი ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე პირდაპირ ჰქონდეს პრეზიდენტისთვის მიმართვის უფლება.


- კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს მას პოლიტიკურ ასპარეზზე თავის დამკვირდების შანსი?


- სააკაშვილისა და „ნაციონალების" ქმედებამ, რომ მათ შეიძლება დაიკავონ თანამდებობები უკრაინაში, როგორც ჩანს, უკრაინაშიც გააჩინა განცდა, რომ მათ შეუძლიათ დაიკავონ თანამდებობები საქართველოში. ეს არის და ეს. ვრჩები ერთგული იმ პრინციპის, რომ მაღალ თანამდებობაზე პრეტენზიის მქონე პირი დაბადებით საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური პრინციპი არის ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ მოქალაქეობამიღებული მდიდარი ხალხი შეეცადოს ჩვენი ამომრჩევლის გულის მოგებას. მგონია, რომ საქართველო არის ქართველების, ოსების, აფხაზების, ებრაელების, სომხების, აზერბაიჯანელების და იმ იეზიდების, იმ ჩვენი ნათესავი ლუთერანების პოლიტიკური ასპარეზი, ვინც აქ ცხოვრობდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და ჩვენს ჭირ-ვარამს იზიარებდა.


- რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევას, რამდენად სწორად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს?


- მოგეხსენებათ, პარლამენტის როლი საერთო სასამართლოების ჩამოყალიბებაში არის მხოლოდ საკანონმდებლო ინსტრუმენტის ფლობა. ჩვენ არ გვაქვს, კონსტიტუციის თანახმად, არანაირი საკადრო გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტი. ერთადერთი სფერო, სადაც შეიძლება პარლამენტი ჩაერიოს, გახლავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობებზე განწესება. სხვა შემთხვევაში, პარლამენტი პერსონალური გადაწყვეტილებების მიღებაში შეზღუდულია და მას ეს უფლება არ გააჩნია. არ მოვახდენდი გავლენას იუსტიციის საბჭოზე. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩეული გახლავთ შერეული სისტემით. უამრავი კითხვა არსებობს ბევრ მოსამართლესთან, რომელიც ახლა ძალიან მიისწრაფის სამუდამო მოსამართლის სტატუსის მოსაპოვებლად. მარტო გირგვლიანის საქმე და 7 ნოემბრის საქმე საკმარისია, რომ ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ამ საკადრო გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას მკაცრად იხელმძღვანელებს ამ კრიტერიუმით.

 

- შს სამინისტრო ახალი რეგულაციების შემოტანას აპირებს. რას ფიქრობთ უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობის შესანარჩუნებლად გარკვეული ქულების დაწესების შესახებ?


- ეს ინიციატივა ჯერ არ გამხდარა პარლამენტის განხილვის საგანი. პარლამენტის გარეშე კანონმდებლობაში ცვლილებები ვერ შევა. რასაც ვაკვირდები, ამ ცვლილებებმა ვნებათაღელვა, გამოიწვია. რამდენად დასაბუთებული იქნება აღნიშნული ვნებათაღელვა საპარლამენტო განხილვები გვაჩვენებს. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე ეს მოსაზრებები ვერ იქცევა კანონად.


ზოგადად ქართველი საზოგადოება საკმაოდ კონსერვატულია, ყველა სიახლე გვაშფოთებს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ღვედის გაკეთება აუცილებელი გახდა, ამან ჩვენში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მეც პროტესტით შევხვდი ამ ინიციატივას. გავიდა რამდენიმე ხანი და დავრმწუნდი, რომ ჩვენი მაშინდელი განწყობა მცდარი იყო. ასე რომ, დაველოდოთ განხილვებს და ის გვაჩვენებს ყველაფერს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016