reportiori.ge - პროკურატურამ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:32
სამართალი
პროკურატურამ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 14:08



პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცა, გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:

 

„საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,  ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

 

ჩატარებული გამოძიებით გახსნილია დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას ორგანიზებით განხორციელებული მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი და დადგენილია, რომ 2012 წლის 28 ივლისს, ქ. ზუგდიდში, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს,  იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ ა/ამანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა ქ. თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.

 

 

მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა-წამება, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, კერძოდ, მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა ე.კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას ელბერდ კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ჰყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული.

 

 

მთელი ამ დროის განმავლობაში ე.კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, არცერთი სახელმწიფო ორგანო გატაცებული ელბერდ კობერიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა.

 

 

2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით.

 

 

2012 წლის 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობის შემდეგ ე.კობერიძე გადაიყვანეს თბილისში და დატოვეს ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე.  სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას"  უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ე.კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი რჩებოდა.

 

 

აღნიშნულ საქმეზე, დღეს, საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და  რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ", ასევე მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას", - ნათქვამია განცხადებაში.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016