პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გაზრდის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ამ საკითხს „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე აფასებს:
„საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 1 იანვრიდან მოხდება თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლულ სასმელებზე აქციზის გადასახადის ზრდა. ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, არის მოსახლეობაზე ზრუნვისთვის, ასევე გვაძლევს საშუალებას, ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.
მოგეხსენებათ, ევროპაში ალკოჰოლულ სასმელზე და სიგარეტზე მოსახლეობისგან ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საუკეთესო მექანიზმი სწორედ მათზე ყოველწლიურად აქციზის გაზრდა არის. საქართველო კი ერთი მხრივ უახლოვდება მათ კანონმდებლობას, მეორე მხრივ კი იზიარებს და იყენებს ევროპის საუკეთესო გამოცდილებას ალკოჰოლურ სასმელთან და სიგარეტთან საბრძოლველად.
უნდა აღვნიშნო, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო პროცენტულად პირველ ადგილზეა არასრულწლოვნებში სიგარეტის მოხმარების კუთხით. ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა. პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონი კი მკვეთრად შეამცირებს მოზარდის წვდომას სიგარეტსა და ალკოჰოლულ სასმელზე, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია!" - ნათქვამია ქადაგიძის განცხადებაში, რომელიც მან „რეპორტიორს" მიაწოდა.
პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები დეპუტატებმა 73 ხმით მიიღეს.
დამტკიცებული კანონპროექტი 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.
გარდა ამისა, 2016 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილია - ვისკიზე, რომსა და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალალკოჰოლიანი სასმელისა), აქციზის განაკვეთის - 10 ლარამდე გაზრდა.
კანონპროექტის მიღება 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 90 მლნ ლარით ზრდის. მთავრობა პროექტის ინიცირებას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ხსნის.