„ლეონიდ ჩერნოვეცკი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი დაღალა კიევში თავისი ჰიპერაქტიურობით", - ამის შესახებ მამუკა არეშიძემ კიევის ყოფილ მერზე საუბრისას „ალიას" განუცხადა. ექსპერტის თქმით, ჩერნოვეცკის ბევრ კორუფციულ გარიგებაში ედება ბრალი. „მიუხედავად იმისა, რომ იუშჩენკოს გუნდის წევრად ითვლებოდა, საბოლოო ჯამში, მას გამოექცა საქართველოში და სააკაშვილის ხელისუფლებამ იგი შეიფარა. ეს არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილისა და იუშჩენკოს ახლო კავშირების მიუხედავად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩერნოვეცკი მაინც შეიფარა. მგონია, რაღაც სხვა რამეშია საქმე, ჩერნოვეცკი ძალიან დიდი ფულის პატრონია. არ გამოვრიცხავ, მაშინ სერიოზულ გარიგებას ჰქონოდა ადგილი. რამდენადაც ვიცი, უკრაინის ახალ ხელისუფლებას მისი დევნით მაინცდამაინც თავი არ მოუკლავს, არ გამოვრიცხავ, რომ მის უკან დგას კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩერნოვეცკის გააქტიურებს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, თავის საქციელში იყოს ეპატაჟური და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღოს", - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, არის ვერსია, რომ მეტი პოლიტიკური დაძაბულობის შექმნის მიზნით, ჩერნოვეცკი „ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა გააქტიურეს.
„ასევე არის ის ვერსიაც, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებმა გააქტიურეს, რათა მმართველ გუნდს ხმები წაართვას. შეიძლება, ყველა ვერსია რეალური იყოს, დღევანდელი გადასახედიდან გეტყვით, რომ შესაძლოა, მართლაც წაართვას მმართველ გუნდს ხმები, მაგრამ ეს მათზე დიდად არ იმოქმედებს", - განაცხადა არეშიძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)