ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ა.ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ოფთალმოლოგმა ვლადიმერ ბალიაშვილმა.
ექიმმა დადებითად შეაფასა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის ფუნქციონირება და აღნიშნა, რომ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობდა რეფორმის დასაწყისში, უკვე გამოსწორებულია.
„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, რა თქმა უნდა, კარგია. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პაციენტი ორიენტირებული იყოს, თუ რა მიმართულებაა მისთვის მიზნობრივი. ოჯახის ექიმი პაციენტს უწევს სრულფასოვან კონსულტაციას და მას აღარ უწევს გაურკვევლად სიარული სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტებთან. გარდა ამისა, პირველად რგოლში მომსახურებას სრულად აფინანსებს ჯადაცვის სამინისტრო, რაც კიდევ უფრო წარმატებულს ხდის მოცემულ რეფორმას. ჯანდაცვის პირველადი რგოლის ფუნქციონირება წარმატებით მიმდინარეობს. ის შენიშვნები თუ ხარვეზები, რაც რეფორმის დაწყებას წინ უძღოდა, უკვე აღმოფხვრილია. ერთადერთი, რაც აუცილებელია, ეს არის ექიმებს მუდმივად დატრენინგება, რათა მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი ჯანდაცვაში არსებულ სიახლეებზე", - განაცხადა ბალიაშვილმა.
ვლადიმერ ბალიაშვილმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაც შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული რეფორმა ყველაზე გამართულია, რაც ოდესმე განხორციელებულა ჯანდაცვის სისტემაში.
„ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, ჩემი აზრით, არის ყველაზე გამართული რეფორმა, რაც ოდესმე განხორციელებულა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ რეფორმას. პაციენტებიც კმაყოფილები არიან. ოპერაციას ვერ იკეთებდა ადამიანი ადრე, დღესდღეობით კი, პრაქტიკულად ხელმისაწვდომია ყველასთვის", - აღნიშნა ბალიაშვილმა.
ოფთალმოლოგი მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსაც შეეხო და ჯენერიკ-მედიკამენტების ქართულ სააფთიაქო ქსელში არსებებობისა და მათი სეგმენტის გაფართოების აუცილებლობაზე მიანიშნა:
„დღეს მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია. შექმნილი მდგომარეობის გამო, პაციენტები ვეღარ აგრძელებენ მკურნალობას. მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტები გაცილებით იაფია. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი. რაც შეეხება ჯენერიკ-მედიკამენტების შემოსვლასა და სეგმენტის გაფართოებას, მისასალემებლია. რაც უფრო ფართო არჩევანი იქნება ბაზარზე, კონკურენცია გაიზრდება, ბაზარზე იქნება ჯანსაღი მდგომარეობა და მონოპოლიაც გაქრება. პირადად ჩემთვის, ჯენერიკების არსებობა ბაზარზე სასურველია. ვფიქრობ, მათი ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, არ ჩამოუვარდება ორიგინალს", - დასძენს ოფთალმოლოგი.