„ტრანსპორტის და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ საჭიროა რეგულაციების დაწესება ტაქსის მძღოლებთან მიმართებაში. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ტაქსების სფეროში სრული განუკითხაობაა. არაკომპეტენტურობა, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი და ანტისანიტარია ავტომობილში ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი გახდა. საზოგადოებაც თითქოს შეეგუა და მიიღო ეს სერვისი ისეთი, როგორც არის.
1.შევეგუეთ, რომ ტაქსს ველოდებით ნახევარი საათი და შემდეგ გვეუბნებიან, რომ მანქანა ვერ იპოვეს და ვეღარ გამოუშვებენ;
2.შევეგუეთ მძღოლებს, რომლებმაც არც ქუჩები იციან და არც ავტომობილის ტარება წესიერად;
3.შევეგუეთ, რომ მძღოლი სიგარეტს მგზავრის ნებართვის გარეშე აბოლებს;
4.შევეგუეთ სუნს და ანტისანიტარიას ავტომობილებში;
5. შევეგუეთ ტაქსის მძღოლების დაყაჩაღებისა და ყელის გამოჭრებს ფაქტებს;
6.შევეგუეთ ტაქსის მძღოლების მხრიდან ძალადობის ფაქტებსაც;
7.შევეგუეთ იმასაც, რომ ტაქსის მძღოლი შეიძლება მთვრალიც კი იყოს და ამაყად ამბობდეს: „ტაქსებს პატრული არ აჩერებს";
8. შევეგუეთ, რომ ტაქსის მძღოლების უმეტესობამ რაიონში სრულიად ნაყოფიერი, მოსავლიანი მიწები მიაგდო და აქ „ტაქსაობა" ამჯობინა;
ისმის კითხვა: ვინ არიან ტაქსის მძღოლები? ან ვინ მიანიჭა მათ ავტომობილებს ტაქსის სტატუსი? ან პირებს ვინ მიანიჭა ტაქსის მძღოლის სტატუსი? ეს სტატუსი ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ რთული მოსაპოვებელია და საჭიროებს ძალიან მაღალი დონის კვალიფიკაციას. დღეს საქართველოში ტაქსის მძღოლი ფინანსურად გაჭირვებულის გარდა, შეიძლება იყოს: პროფესიონალიც, კეთილსინდისიერიც, მთვრალიც, ნარკომანიით დავადებულიც, ყაჩაღიც, ფსიქიკური პრობლემების მქონეც და ა.შ.
თქვენ კი, როგორც კლიენტს, ამ კატეგორიიდან რომელი შეგხვდებათ?! პასუხი მარტივია: გააჩნია, იმ კონკრეტულ დღეს როგორ გაგიმართლებთ (ჰოროსკოპი რას გეუბნებათ).
მოვითხოვთ: თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს რეგულაციებზე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", - წერს მესხიშვილი.