აქცია თბილისის მერიასთან - „დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ალექსიძის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად ალექსიძის ქუჩაზე ე.წ. აკადემქალაქში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილია სამი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან ერთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მეორე კორპუსის საძირკველი შენდება, მესამის აშენება კი დაგეგმილია.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუ თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებს არ მოაგვარებს, მომავალ შაბათს აქციას პროკურატურასთან გამართავენ. მისი თქმით, საჭიროა, პროკურატურამ გამოიძიოს, როგორ გაიცა ნებართვა ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ.
ალექსიძის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა და განმარტა, რომ ამ საკითხზე მერიის შესაბამისი სამსახური მუშაობს.
„ამ საკითხზე მერიის შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომ მოსახლეობის ჩართულობით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და კონსენსუსი იქნას მიღწეული", - განაცხადა ნარმანიამ.