საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი პატიმართა შეწყალების პროცესში პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლის განხორციელებას გამორიცხავს.
„საიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ ბესელიამ ვინმეს დაკითხვის დეტალები იცოდა? მე, როგორც სახალხო დამცველი, ხუთი წელი ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და შემიძლია სიტყვა-სიტყვით გავიმეორო ის, რაც რამდენიმე დღის წინ უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოდიოდა, უამრავი ადამიანი მაწუხებდა, პატიმართა მშობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, ადვოკატები, დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც შეწყალებას ითხოვდნენ. ბუნებრივი ინტერესია ეს ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. ერთიც შემიძლია გითხრათ, იმ შეწყალების კომისიაში, რომლის წევრიც მე ვიყავი, ყოველი ადამიანის საქმე ძალიან დეტალურად განიხილებოდა", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ელენე თევდორაძის თავმჯდომარეობის დროს, შეწყალების კომისიაში იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ის ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა.
„იგივე ნიკა რურუასთან ან ნიკა გვარამიასთან, რომლებიც შეწყალების კომისიის წევრები იყვნენ, აბსოლუტურად საღი მსჯელობა გვქონდა ყველა საკითხზე. მათ ჰქონდათ თავიანთი პრინციპები და ძირითადად ეს პრინციპები საკმაოდ სწორხაზოვანი იყო. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდა. იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ჩემი ხედვა არასოდეს ემთხვეოდა, მაგრამ ისინიც სწორხაზოვანები იყვნენ. მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ერთმანეთს დავეთანხმეთ და თქვა, რომ - „დიახაც, უნდა გავუშვათ". დანარჩენი შემთხვევები იყო „არა", არა და არა. ის იყო „ქალბატონი არა". ისიც იყო სწორხაზოვანი და პრინციპული. ასე რომ, ეს არის სამუშაო პროცესი, სადაც ადამიანებზე გავლენას ახდენს ატირებული დედა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი პროცესია და სხვა რამეს მე გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს.
დანარჩენზე, მოდით, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაწყებულია, სწრაფი ტემპით მიდის და დაველოდოთ, რამდენიმე დღეში თუ არა, რამდენიმე კვირაში მაინც ყველას ყველაფერი გვეცოდინება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, „ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.