საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გულის შეტევით გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ჭოჭუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება - მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში.
დავით ჭოჭუა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილედ, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პროექტის ანალიტიკოსად. ასევე ეუთო-ს გენერალური სამდივნოს ანტიტერორისტულ განყოფილებაში. ჰქონდა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში.