საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისგან, ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ბესელიამ „ქრონიკის სტუდიაში" საუბრისას განმარტა, ალეკო ელისაშვილის განცხადება შეურაცხმყოფელია პოლიტპატიმრებისთვის, შეწყალების კომისიის წევრებისა და ზოგადად პარლამენისთვის, ამიტომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
„ვთქვი და ვიმეორებ, ან ბატონი ალეკო ელისაშვილი პროკურატურას წარუდგენს მტკიცებულებებსა და ფაქტებს, იმ ბრალდების დასამტკიცებლად, რაც მან განაცხადა, ან თუ ამას ვერ დაადასტურებს, თავად უნდა აგოს ცრუ ჩვენებისთვის პასუხი. ეს სამართლებრივად ასე გახლავთ. ან ადასტურებ შენს ბრალდებას, ან თავად უნდა აგო ამაზე პასუხი. რა თქმა უნდა, ვერ მეცოდინება რა თქვა მან ჩვენებაში. ველოდებით გამოძიების შედეგებს. მე შევაფასე მისი საჯარო განცხადებები, რაც იყო წინააღმდეგობრივი.
ორ ნაწილად იყოფა ელისაშვილის განცხადებები. პირველი ეხებოდა პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლებულ პირებს და მე ამ ნაწილზე გავაკეთე გამოხმაურება. მისი შეფასება იყო შეურაცხმყოფელი და აქ მაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და ვითხოვ, რომ მან ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით. ეს ადამიანები თავად ითხოვენ ბოდიშის მოხდას ბატონი ელისაშვილისგან. მან ასევე ბოდიში უნდა მოუხადოს კომისიის ყველა წევრს. იქ ძალიან საპატივცემულო ადამიანები იყვნენ. ელისაშვილმა ყველას მიაყენა შეურაცხყოფა, მათ შორის მთელ პარლამენტს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.