„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოში ფემინიზმის და ფემინისტების გააქტიურების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ტომარაძე აღნიშნავს, „პარლამენტში ინიცირებული ფემინისტური კანონპროექტი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების შესახებ, არის ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი!
„მამაკაცები და ქალები თავისი ღირსებით, თანდაყოლილი ადამიანური და სამოქალაქო უფლებებით არიან თანასწორნი. მაგრამ ფუნქციები განსხვავებულია. ფემინიზმი ეს არის ნაცნობი სისინი ედემის ბაღიდან!
დღეს ფემინისტები ისტორიის სახელმძღვანელოშიც კი ითხოვენ თანაბრად იყოს ასახული მამაკაცთა და ქალთა მოღვაწეობა. მათ ნაკლებად აღელვებთ ის ფაქტი რომ მეფეები, სარდლები და გამოჩენილი პიროვნებები უმრავლეს შემთხვებში მამაკაცები იყვნენ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ომები მამაკაცთა საქმე იყო. ალბათ წარმოდგენაც რთულია თუ რა შედეგებამდე მიიყვანს კაცობრიობას, მამაკაცის და ქალის აბსოლუტური თანასწორობა. საკამათო იქნება თუ ვის გვარის მატარებელი უნდა იყოს შვილი, ტერმინი ცოლის მოყვანა და ა.შ. პარლამენტში ინიცირებული ფემინისტური კანონპროექტი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების შესახებ არის ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი! პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და იქ ღირსეული ადამიანები დამსახურებებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით უნდა მოხვდნენ და არა ხელოვნურად შექმნილი გენდერული ბალანსით!"- აღნიშნავს ტომარაძე.