reportiori.ge - ნონა გაფრინდაშვილი: სანამ შემიძლია ვითამაშებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:11
პრეს-დაიჯესტი
ნონა გაფრინდაშვილი: სანამ შემიძლია ვითამაშებ!
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 01:01



იტალიაში გაიმართა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ოქროსა და ვერცხლის მედლები, ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს.

 

ოქროს მედალს მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი დაეუფლა, ხოლო ვერცხლს - თამარ ხმიადაშვილი. ფინალი ქართველ ვეტერან მოჭადრაკეებს შორის ყაიმით დასრულდა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილმა ნახევარი ქულით შეძლო თამარ ხმიადაშვილისთვის გასწრება, 9-დან 7 ქულა და მორიგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.


სენიორების ტურნირში 50 წლიდან ზემოთ ასაკის ქალი მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას. ტურნირი ორ კატეგორიაში, 50-დან 65-წლამდე და 65-დან ზემოთ ტარდება. სწორედ მეორე კატეგორიაში ასპარეზობდა ჩვენი მსოფლიო ჩემპიონიც, რომელსაც "აიპრესი" ესაუბრა.


-ქალბატონო ნონა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება თქვენთვის და ზოგადად ქართული ჭადრაკისთვის?


-სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ჩემი პირველი გამარჯვება არ ყოფილა. წლებია დავდივართ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. წელს ევროპაც მოვიგე, შარშან მსოფლიოც და ევროპაც. არც დამიმახსოვრებია რამდენი მედალი მაქვს ვეტერანების კონკურსში მოგებული. უბრალოდ ახლა აჟიოტაჟი მოჰყვა. პირველად მოხდა, რომ ამ ტურნირში გამარჯვების შემდეგ ტელევიზიები დაინტერესდნენ. წინა გამარჯვებების დროს დაიწერებოდა სპორტულ გაზეთებში და არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას.


მე მსიამოვნებს თამაშის პროცესი და სანამ შემიძლია დავდივარ და ვთამაშობ. ვისვენებ თან, რაც არ უნდა შრომა მომიწიოს პარტიების დროს, ენერგიას მაძლევს. ასეა ბევრი მოჭადრაკე. ჩემთვის ვეტერანების ტურნირზე ასპარეზობა არის სიცოცხლის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ტურნირებზე მივდივარ იმის გამო, რომ პირველი ადგილი ავიღო, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ისე ვერ ვითამაშე, როგორც მინდოდა, მაგრამ მე პროცესი მანიჭებს სიამოვნებას.


-ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატზე რას იტყვით?


-ვეტერანების ტურნირს თავისი დატვირთვა აქვს. საკმაოდ წარმატებულად გამოვდივართ ქართველი მოჭადრაკეები ვეტერანთა ტურნირზე. მიუხედავად იმისა, რომ წელს მხოლოდ ორი მედალი წამოვიღეთ, შარშან და მანამდე რამდენიმე მედალი ყოველთვის გვქონდა. იყო შემთხვევა, როცა ერთმა რუსმა მოჭადრაკემ თქვა, ნეტა ერთი მედალი მაინც ამაღებინაო, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრებისთვისო. მე რომ გაჩუქო გინდა-მეთქი? ვკითხე. კი, როგორ არაო და მეორე ადგილზე გავედი იმ ტურნირში, ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა. ავდექი და ვაჩუქე ეს მედალი და უნდა გენახათ მისი ბედნიერება.


-როგორ შეაფასებდით ქართველ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს?


-2015 წელი შემიძლია ჩავთვალო წარმატებულად იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გოგონები. მსოფლიოზე ძალიან სერიოზული კონკურენტები ჰყავდათ მათ. ევროპაზე, მესამე ადგილზე გავიდნენ...


გუნდურში ჩვენი გოგონები აღწევენ წარმატებას. ხან ოქროს იღებენ, ხან ვერცხლს, ხან ბრინჯაოს... სულ, რა თქმა უნდა, ვერ აიღებენ ოქროს.


ჩემ დროს ორი თაობის შერწყმა მოხდა და ჩვენს ხელში იყო ყველაფერი, ყველაფერს ჩვენ ვიგებდით და აქედან არის კიდევ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მაგრამ ასე იშვიათად ხდება.


-სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობას როგორ შეაფასებდით? კეთდება თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს სპორტის ეს სახეობა?


-საინტერესოა, როგორი თაობა წამოვა. ჩვენ გვინდა, რომ უფრო ნიჭიერი და კარგი თაობა იყოს. ჭადრაკის ფედერაცია, სახელმწიფოს დახმარებით, რასაც შეუძლია აკეთებს. მაგრამ ჯერ უნდა დაიბადოს ნიჭიერი, შემდეგ სწორად განვითარდეს. ნიჭი თავისით არ გაიფურჩქნება, თუ ადამიანმა არ ჩადო მთელი თავისი ყურადღება და ენერგია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016