„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად უნდა დაიკითხოს", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ვოლსკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაჰკითხოს.
„ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან შევაჩვიეთ საზოგადოება, რომ საკითხები დიდხანს იხილება და წლების განმავლობაში ვერ დავაზუსტეთ და ვერ დავადგინეთ, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის განმარტებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ექსპერტების მონაწილეობით დოკუმენტი ჩამოყალიბდა, რომელიც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენებების ნაკრებს წარმოადგენს. მისივე თქმით, ასევე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულად წამების თემებთან დაკავშირებით.
„წამების ბრალდებით, ასზე მეტი ადამიანია გასამართლებული. ვფიქრობ, ამას კიდევ კონკრეტული საქმეები დაემატება, რომელმაც შეიძლება რაღაც წიაღსვლების აუცილებლობა გამოიწვიოს, გამოძიების აუცილებლობა დააყენოს და შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს და პირებს მიადგეს ეს თემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის განხორციელებული კონტრშეტევა. საიდან მოდის ეს კონტრშეტევა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის, მეც, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას, ყველას, 150-ვე დეპუტატს, არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში, თუკი საკითხი ეხება საჩივარს უსამართლობის შესახებ, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უსაფუძვლო იყოს, შესაბამის ორგანოს ამ საკითხის დეტალური შესწავლის მოთხოვნით მივმართოთ. მათ შორის, მივმართოთ შეწყალების სახელმწიფო კომისიასაც. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა ან რაღაც შესაძლო გარიგებების ამასთან დაკავშირება, ვფიქრობ, რომ არათუ უსაფუძვლო, უზნეოც არის", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა. გამოცემა, რომელიც წყაროზე დაყრდნობით წერს, ამბობს, რომ ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.