reportiori.ge - „მე დავბრუნდები“ - დაუბრუნდება თუ არა სამშობლოს მირზა გელოვანი - რეპორტაჟი სანიკიდან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:47
პრეს-დაიჯესტი
„მე დავბრუნდები“ - დაუბრუნდება თუ არა სამშობლოს მირზა გელოვანი - რეპორტაჟი სანიკიდან...
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 14:17


„ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით გამახსენდება თმები შოლტები.

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, მაინც მივდივარ, მაინც გშორდები..."


მირზა გელოვანი...


თითქოს გრძნობდა, რომ ბედისწერა სამშობლოდან სადღაც შორს, უცხო ქვეყანაში დატოვებდა... და უკან დასაბრუნებელი გზა არც ისე იოლი იქნებოდა... ალბათ, თავის ლექსებშიც ამიტომ გვიბარებდა ასე ხშირად - „მე დავბრუნდებიო..."


მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ...


 ბელარუსი... ვიტებსკის ოლქი... სოფელი სანიკი... ძმათა სასაფლაო...


ქართველ გმირებს, რომლებმაც ბელარუსისთვის თავი გაწირეს, ადგილობრივები კარგად იცნობენ... ძმათა სასაფლაო მათთვის წმინდა ადგილია და მას ისეთივე პატივისცემით ეპყრობიან, როგორც უახლოესი ადამიანების განსასვენებელს.


ისიც იციან, რომ ბელარუსში არ არსებობს ძმათა სასაფლაო, სადაც ერთი ქართველი მაინც არ არის დაკრძალული. თითოეული მათგანის გმირობას თავისი გამორჩეული ისტორია აქვს და ბელარუსებმა ეს ისტორიებიც ზედმიწევნით კარგად იციან. ამიტომ, ქართველებს იმ ქვეყნის შვილებად აღგვიქვამენ, რომელთა წინაპრებმა მათი მიწა-წყლისთვის თავი გაწირეს.


თუმცა ეს სხვა თემაა, საამაყო თემა ნებისმიერი ქართველისთვის, რომელსაც ჩვენს მკითხველს ძალიან მალე მოვუყვებით. დღევანდელი  სტატია კი მირზა გელოვანს ეძღვნება. ბელარუსში მოგზაურობის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - ჩამოგვეტანა  ამბავი საქართველოში  და გაგვეცა პასუხი საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვან კითხვაზე - დაუბრუნდება თუ არა მირზა გელოვანის ნეშტი სამშობლოს...


... ბელარუსში, საქართველოს საელჩოში მზად არიან, იმდენი დრო დაგითმონ, რამდენიც  ამბის ბოლომდე და დეტალურად  გასარკვევად დაგჭირდება. საელჩოს პირველი პირები - ელჩი და კონსული არავისთან გამისამართებს, პირადად გხვდებიან და მეგზურობასაც თავად გიწევენ მირზა გელოვანის საფლავზე.


სოფელ სანიკში, მირზა გელოვანის საფლავზე მეგზურობა თავად საქართველოს კონსულმა თემურ სანაძემ გაგვიწია. სოფელში ჩვენი ჩასვლის შესახებ საელჩოს არავინ გაუფრთხილებია. არც მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე ყოფილა. მკითხველის ყურადღებას ამ ორ ფაქტორზე იმიტომ ვამახვილებ, რომ იქ ჩასულებს ძმათა სასაფლაო იდეალურად მოწესრიგებული დაგვხდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ბელარუსებს რაიმე დღესასწაული არ სჭირდებათ იმისთვის, რომ საფლავები მოაწესრიგონ... ტრადიცია აქვთ ასეთი...


სოფელ სანიკში ყველამ იცის, რომ მათ ძმათა სასაფლაოზე ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი განისვენებს...


საქართველო-ბელარუსი - შეხვედრები-მოლაპარაკებები...


ბელარუსსა და საქართველოს  შორის წლების განმავლობაში მირზა გელოვანის გადმოსვენებასთან დაკავშირებული მიმოწერები და საბუთები საელჩოში, რამდენიმე ბაინდერში ინახება. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ყველა მხარე. დოკუმენტების მიხედვით, რომელსაც  გავეცანით, ირკვევა, რომ საქართველოს ელჩი დავით კოტარია და კონსული თემურ სანაძე ყველა იმ ოფიციალურ პირს შეხვდა, რომელსაც მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებასთან რაიმე შეხების წერტილი ჰქონდა.


2015 წლის 13 აპრილს ვიტებსკის ოლქის ბეშენკოვიჩის რაიონულ აღმასრულებელ კომიტეტში შედგა საელჩოს კონსულის თემურ სანაძის შეხვედრა ვიტებსკის ოლქისა და ბეშენკოვიჩის რაიონის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან. ქართული მხარის ინიციატივით.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბეშენკოვიჩის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე - ნ.ზაბლოცკი, ვიტებსკის აღმასკომის კულტურის, ახალგაზრდებისა და იდეოლოგიური მუშაობის მთავარი სამართველოს უფროსი - ა.კლიცუნოვი, ბეშენკოვიჩის აღმასკომის საქმეთა მმართველი - ს.რეუტსკი, აღმასკომის იდეოლოგიური მუშაობის განყოფილების უფროსი ნ.აპანასიონოკი, მუზეუმის დირექტორი - ს.ლეონენკო, სამხედრო კომისარი - ა.სავიჩი, ქ.მინსკის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მამულის" თავმჯდომარე კახა პაკაცოშვილი.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პოეტ მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადასვენების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლა.


ცნობისათვის: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბელარუსის მზარემ წარმოადგინა ვიტებსკის ოლქის ხელმძღვანელობის წერილობითი პოზიცია (N13-21/5031  06.03.2015წ.), რომელსაც ხელს აწერს ვიტებსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვ.ტერენტიევი.


შეხვედრაზე ბელარუსის მხარის პოზიცია წარმოადგინა აღმსაკომის თავმჯდომარის მოადგილემ ნ.ზაბლოცკიმ, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში:


„ქართული მხარის მისწრაფება ცნობილი პოეტის და მებრძოლის მშობლიურ ქვეყანაში გადასვენების შესახებ კეთილშობილური საქმეა და იმსახურებს ყოველმხრივ პატივისცემას, მაგრამ არსებული რეალობა, მწირი დოკუმენტური ბაზა, მტკიცებულებების არქონა მნიშვნელოვნად აფერხებს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. აგრეთვე, ვინაიდან დასაფლავებული მეომრების ნეშტები განთავსებულია ერთ საძმო საფლავში, მათი იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია".


ნ.ზაბლოცკიმ შესთავაზა ქართულ მხარეს მირზა გელოვანის საფლავის ადგილზე დამატებითი მემორიალური კომპოზიციის ან სამსახსოვრო ფილის მოწყობაში ხელისშეწყობა.


ვიტებსკის ოლქის აღმასკომის თავჯდომარის წარმომადგენელი,  ა.კლიცუნოვი: "არსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, რომელიც ქართველი პოეტის სახელთან დაკავშირებით არსებობს, ეყრდნობა ზეპირ მონაცემებს, გარდა N181 საველე ჰოსპიტალის დაღუპულთა საალფაბეტო წიგნისა და თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს ცნობისა, სადაც აღნიშნულია, რომ 43-ე არმიის 380-ე სარემონტო ბაზის, 66-ე ასეულის, დაზიანებული და ბრძოლებში მოპოვებული სამხედრო ტექნიკის სარემონტო ოცეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მირზა გელოვანი გარდაიცვალა ჰოსპიტალში ჭრილობის შემდეგ განვითარებული ანემიის შედეგად".


ბეშენკოვიჩის რაიონის მუზეუმის დირექტორი ს.ლეონენკო:  „...ომის პერიოდში ძმათა საფლავებში დაღუპული მეომრების ნეშტების ჩასვენების რაიმე წესი ან ინსტრუქცია არ არსებობდა. ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილია, რომ 1963 წელს პოეტ მრზა გელოვანის და მასთან ერთად 35-ე მეომრის ნეშტი გადმოსვენებულია ახლომდებარე სოფლიდან სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. ამჟამად, ბელარუსში ყველა საძმო სასაფლაო შესწავლილი, აღრიცხული და შეტანილია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოც ითვლება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად (შესაბამისი აღნიშვნა დატანილია საფლავზე) და დაცულია კანონით. ამასთან ერთად, 1997 წლის 9 აპრილიდან მოქმედებს ბელარუსის თავდაცვის მინისტრის N182 ბრძანება, რომელიც კრძალავს საძმო საფლავებიდან ცალკეული მეომრების ნეშტების ამოღებას, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ხდება მთლიანი საძმო საფლავის გადატანა სხვა ადგილზე".


ბეშენკოვიჩის რაიონის აღმასკომის იდეოლოგიური მუშაობის განყოფილების უფროსი ნ.აპანასიონოკი:  2014 წლის 3 ივლისისათვის ფაშისტებისგან ბელარუსის გათავისუფლების 70 წლისთავთან დაკავშირებით (ბელარუსის ეროვნული დღესასწაული) აღმასრულებელმა კომიტეტმა გაარემონტა რაიონის ყველა საძმო სასაფლაო, მათ შორის სანიკში არსებულიც, სადაც დასაფლავებული ქართველი პოეტი მირზა გელოვანი. დაიგო ბაზალტის ფილები, დაიდგა ჯვარი, შეიცვალა ღობე, მოეწყო შესასვლელი კიბეები, ჩატარდა სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, გასუფთავდა ტერიტორია გამხმარი ნარგავებისაგან. მოსახლეობა აქტიურად გვეხმარება მსგავსი საფლავების კეთილმოწყობაში. რაც შეეხება დაღუპული მეომრის გადასვენების საკითხს, მსგავსი პრეცედენტი არ გვქონია და საზოგადოებაც ალბათ არაერთგვაროვნად აღიქვამს ამას. ამიტომ, მზად ვართ, თუ იქნება ქართული მხარის სურვილი და შესაბამისი გადაწყვეტილება, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ქართველი პოეტის სახელის უკვდავსაყოფად მემორიალური კომპოზიციის მოწყობაში".


საქართველოს ელჩი: ბელარუსის საზოგადოება მირზა გელოვანს უდიდეს პატივს მიაგებს...


დავით კოტარია (საქართველოს ელჩი ბელარუსში): 2007 წლიდან მოყოლებული, ანუ  საელჩოს დაარსებიდან დღემდე, არცერთი წელი  ყოფილა და არცერთი ღონისძიება საელჩოს თანამშრომლები და  დიასპორის წარმომადგენლები მირზა გელოვანის საფლავზე არ გასულიყო. მას უდიდეს პატივს მიაგებს  ბელარუსის საზოგადოება.  მაგრამ, რაც შეეხება მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას,   საკითხი საკმაოდ დელიკატურია და სირთულეს წარმოადგენს.   ამ  საკითხზე გავმართეთ  არაერთი შეხვედრა და კონსულტაციები ბელარუსის   ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა   დონეზე.


პრობლემა, იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი პოეტი მირზა გელოვანი დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე, სოფელ სანიკში. ძმათა სასაფლაოს მინიჭებული აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი.  ანუ მირზა გელოვანი ცალკე კი არ არის დაკრძალული, არამედ ერთ საერთო „კაფსულაში" სხვა დანარჩენ მებრძოლებთან ერთად.


სასაფლაოს შეხება ან გახსნა კი ბელარუსის  კანონმდებლობით, აკრძალულია.


გარდა ამისა, ბელარუსის საზოგადოების დამოკიდებულება   ძმათა სასაფლაოების მიმართ  არის პატრიოტული პათოსით გაჯერებული და მათი მოვლა-პატრონობა წარმოადგენს   უწმინდეს ვალდებულებას.


არ ყოფილა ბელარუსში  პრეცედენტი იმისა, რომ  ძმათა სასაფლაო გაეხსნათ და ვინმეს ნეშტი სადმე გადაესვენებინათ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად განმარტა ბელარუსის მხარემ ჩვენთან შეხვედრებისას.


პრინციპულად წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საუბარია მეომრების ძმათა სასაფლაოზე, სადაც ჩადებულია ე. წ.  „კაფსულა" და  103 მებრძოლის ნეშტია დაკრძალული.


ბელარუსში კარგად იციან, რომ პოეტი  მირზა გელოვანი არის მებრძოლი სულით სავსე ქართველი ერის შვილი. სწორედ ამიტომ, ბელარუსის ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას სანიკის ძმათა სასაფლაოზე,  მოეწყოს დიდი ქართველი პოეტის მირზა გელოვანის   მემორიალური კომპოზიცია !


დაუბრუნდება თუ არა მირზა გელოვანი საქართველოს?


შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ:


1. ბელარუსის კანონმდებლობით აკრძალულია საძმო საფლავებიდან ცხედრების ინდივიდუალურად გადასვენება. საძმო სასაფლაოდან ერთეული მეომრების გადასვენების პრეცედენტი ბელარუსში არ დაფიქსირებულა.


2.  საძმო სასფლაოები ბელარუსში წარმოადგენს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და დაცულია სახელმწიფოს მიერ.


3. ბელარუსის მხარის განმარტებით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მირზა გელოვანის ნეშტის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.


4. ბელარუსის მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ქართველი პოეტის სახელის ხსოვნის პატივსაცემად, სანიკის საძმო სასაფლაოზე მემორიალური კომპოზიციის მოწყობაში...


პ. ს. „მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს. თინასგან იები დამრჩა სახსოვარი, ჩემი - არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს", - წერდს ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა...


მირზა გელოვანი 1944 წელს, 27 წლის ასაკში დაიღუპა...


საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი" გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს და საკონსულოს ბელარუსში, ელჩს დავით კოტარიას და კონსულს თემურ სანაძეს.




წყარო: Ipress.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016