უსახლკაროთათვის 2 წლის წინ გაკეთებული თავშესაფარი - კარვების ქალაქი ამ დრომდე ფუნქციონირებს, თუმცა ახალ წლამდე კარვების ბინადრები სპეციალურად მათთვის აშენებულ შენობაში გადავლენ და იქ განაგრძობენ ცხოვრებას.
კარვებიდან ბენეფიციარები სოფელ ლილოს დასახლებაში გადავლენ. 240 ადამიანზე გათვლილ შენობას აქვს ცენტრალური გათბობა, სააბაზანო, სასადილო და სხვა ის აუცილებელი პირობები, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო. ბენეფიციარები ახალ წელს ნაჭრის კედლების ნაცვლად შენობაში შეხვდებიან.
„2-წლიანი არსებობის პირობებში კარვებმა საერთო ჯამში 6 ათასამდე ბინადარს უმასპინძლა. ამ ხნის განმავლობაში აქ ყველას შეხვდებოდით, დაწყებული პრობაციონერებიდან, პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრით დამთავრებული. ამ კარვებში ღამე უთენებიათ ყოფილ ჩინოვნიკებს და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს. 5-შვილიან ოჯახს, სექსუალური უმცირესობის წევრებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც კი. აქ მოხვედრილებს ყველას თავისი ისტორია აქვს", - ნათქვამია „20/30"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.