reportiori.ge - „შევეცდები, ევროპელ პარტნიორებს ავუხსნა რეალური ვითარება“ - ექსკლუზიური ინტერვიუ მთავარ პროკურორთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:56
პრეს-დაიჯესტი
„შევეცდები, ევროპელ პარტნიორებს ავუხსნა რეალური ვითარება“ - ექსკლუზიური ინტერვიუ მთავარ პროკურორთან
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 15:33


მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურატურას ირაკლი შოთაძე უხელმძღვანელებს. რა გეგმები აქვს მთავარი საგამოძიებო უწყების პირველ პირს? დაჰპირდნენ თუ არა მას ამ თანამდეობას ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ? რამდენად დამოუკიდებელია პროკურატურა ხელისუფლების გავლენისგან და რა ეტაპზეა გახმაურებული საქმეების გამოძიება? „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ირაკლი შოთაძესთან პირველ საგაზეთო ინტერვიუს მთავარი პროკურორის რანგში.


- მთავარი პროკურორის პოსტზე თქვენს დანიშვნას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა... ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ახალი ფაზა პროკურატურის სისტემაში, ნაწილი კი ფასადურ ცვლილებებზე საუბრობს... თქვენ რას იტყვით? როგორი წარმოგიდგენიათ ეს სისტემა 6 წლის შემდეგ?


- მეც მომისმენია საუბარი ფასადურ ცვლილებაზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი რეფორმა ჩატარდა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვალა მთავარი პროკურორის წარდგენის წესი, მანამდე თუ იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ნიშნავდა მთავარ პროკურორს, ახლა რამდენიმე ეტაპიანი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურებია. მთელი საზოგადოება თვალს ადევნებდა, ეს პროცედურები პირდად მე როგორ გავიარე. საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი ფასადურია, უსაფუძვლოა, რადგან ხშირ შემთხვევაში უწყების საქმიანობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ხდება ხელმძღვანელი პირის შერჩევა, რამდენად გამჭვირვალეა პროცედურები და ა.შ. პროკურატურის სისტემაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ის გზა, რაც მე გამოვიარე, ვფიქრობ, სრულად პასუხობს არსებულ მოთხოვნებს. ეს იყო საკმაოდ გამჭვირვალე, დემოკრატიული და ამავე დროს რთული პროცედურები. რაც შეეხება იმას, როგორი იქნება პროკურატურა 6 წლის შემდეგ, ჩემი მიზანია, ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარო სრულიად განსხვავებული სისტემა. ვგსულისხმობ, პროკურორების მეტ დამოუკიდებლობას, სრულ გამჭვირვალეობას, მეტ პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობას. ჩემი აზრით, 6 წლის შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს გაცილებით ნაკლებ პრობლემებს დავახვედრებთ, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა. მემკვიდრეობა ნამდვილად უკეთესი იქნება.


- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გამჭვირვალე პროცედურებზე საუბრობთ, ოპოზიცია საკმაოდ კრიტიკულად უყურებს ამ საკითხს... რომ აღარაფერი ვთქვათ „ნაციონალურ მოძრაობაზე", საკმაოდ მკაცრია შეფასებებში ირაკლი ალასანია და მისი გუნდიც... მაგალითად, ალასანია ამბობს, რომ მთავარი პროკურორის პოსტს პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ დაგპირდნენ...

 

- ნამდვილად არავინ დამპირებია მთავარ პროკურორად არჩევას, ვერც დამპირდებოდა, რადგან ამას ვერავინ შეასრულებდა. იმის გარანტიას, რომ მე მთელ ამ პროცედურებს წარმატებით გავივლიდი, ვერავინ მომცემდა, მით უმეტეს ერთი წლის წინათ, მაშინ, როდესაც რეფორმა ჯერ დაწყებულიც არ იყო. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველას თავისი მოტივაცია ამოძრავებს. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში, ალასანიას პარტიასთან საკმაოდ კორექტული შეხვედრა გაიმართა და იმედი მაქვს, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას. მე მათ დავპირდი, რომ პროკურატურა გახსნილი იქნება, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციისთვისაც რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას", მათ თავად არ აქვთ სურვილი და მოტივაცია ვინმესთან თანამშრომლობის, მით უმეტეს მთავარ პროკურატურასთან, რადგან საჩივარ-განხადებების უდიდესი ნაწილი სწორედ მათი გუნდის წევრებთან, მათ თანამოაზრეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსტრუქციულ ურთიერთობაზე საუბარი რთულია, თუმცა მზად ვარ ამ ფორმატისთვისაც.


- ფიქრობთ, რომ დღეს პროკურატურა მართლა დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებულია?

 

- ვფიქრობ, მე სრულიად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებული ვარ. ცხოვრებაში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა პროკურატურის სისტემაში. მას შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა, შესაბამისად, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არასდროს არ მქონია და არც მომავალში ვაპირებ ამ საქმიანობით დავკავდე. ჩვენ დაგვხვდა უმძიმესი მემკვიდრეობა, არაადამიანური მოპყრობის, წამების, სქესობრივი და  სხვა მძიმე დანაშაულების გამო არაერთი ყოფილი ჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა მოგვიხდა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან. ამასთან დაკავშირებით ევროპულ წრეებშიც გაჩნდა გარკვეული კითხვები - ხომ არ იყო ჩვენი საქმიანობა პოლიტიკურად მოტივირებული, თუმცა პირადად მე ამ მიმართულებით აქტიურად ვაპირებ მუშაობას და შევეცდები, ევროპულ პარტნიორებს რეალური ვითარება ავუხსნა. ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის ბევრი საქმე დაკავშირებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. ეს არის არა ჩვენი ბრალი, არამედ იმის, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ ვალდებულნი ვართ, თითოეულ ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას გავცეთ საკადრისი პასუხი და მოვახდინოთ რეაგირება. ასე რომ, ვაპირებ გააქტიურებას, რათა ევროპელ პარტნიორებს უფრო დეტალურად ავუხსნათ, რა სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე.


- საპროკურორო საბჭოზეც მინდა გკითხოთ... საპროკურორო საბჭო რამდენად უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას? ხომ არ ფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლების ქოლგიდან საერთოდ გამოსულიყო?


- აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოყოფის საკითხს სჭირდებოდა კონსტიტუციური ცვლილებები, რისი შესაძლებლობაც დღეის მდგომარეობით, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობდა, შესაბამისად, გატარდა ის მაქსიმალური ცვლილებები, რის ფარგლებშიც პროკურატურის დამოუკიდებლობისკენ ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადავდგით. აქამდე თუ არ იყო განსაზღვრული მთავარი პროკურორის დისციპლინური, ან სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორ უნდა განხორციელებულიყო. დღეს ეს ვაკუუმი აღმოფხვრილია და ცალსახად არის გაწერილი პროცედურები ამ მიმართულებით, მათ შორის ის, როგორ უნდა იმოქმედოს საპროკურორო საბჭომ, რომლის წინაშე ანგარიშვალდებული ვარ მეც და ჩემი მოადგილეებიც. ეს მოდელი ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. მე ყოველ 6 თვეში ერთხელ მომიწევს საბჭოს წინაშე ანგარიშის წარდგენა. როგორც მოგეხსენებათ, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაშია ფარული კენჭისყრით არჩეული 8 პროკურორი, აკადემიური წრეებიდან 2 წარმომადგენელი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრი... ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა თავი იგრძნოს ანგარიშვალდებულად.


- თქვენი გულშემატკივრებიც კი ხშირად საუბრობენ, რომ დღესაც სისტემაში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ... რას იტყვით საკადრო პოლიტიკაზე? აპირებთ თუ არა ცვლილებებს ამ მიმართულებით?

 

- მინდა გითხრათ, რომ პროკურატურაში არავინ არის ხელშეუხებელი. ეს ყველამ იცის. რა თქმა უნდა, მუშაობენ, როგორც ძველი, ისე ახალი კადრები. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება განხორციელდა, საუბარია ასეულობით  პროკურორ-გამომძიებელზე. ისეთი რეზონანსული საქმეების პროკურორებმა, როგორიც არის გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და სხვების საქმეები,  დატოვეს თანამდებობა და აღარ მუშაობენ სისტემაში. მეორე მხრივ, ყველა ადამიანს აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება. მათ შორის პროკურორსაც, რომელიც ითვლება უდანაშაულოდ, სანამ საწინააღმდეგოს არ დაუმტკიცებ. არავინაა ვალდებული, თვითონ ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტიკა, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული, ჩვენ გვაქვს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც მოახდენენ სათანადო რეაგირებას, იქნება ეს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი, თუ გენერალური ინსპექცია. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომებისთვის სადღაც 20-მდე თანამშრომელი დავითხოვეთ.


- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არაერთი გახმაურებული საქმის გამოძიება საკმაოდ გაჭიანურდა... ამბობენ, თქვენი წინამორბედები ამ მიმართულებით დიდად არ აქტიურობდნენ...

 

- მე კოლეგიალობიდან გამომდინარე, მოვერიდები ძველი ხელმძღვანელობის საქმიანობის შეფასებას, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი წელი ყველაზე კარგი და ნოყიერი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ პროკურატურას ბევრი საქმე ბოლომდე მიეყვანა. მეორე მხრივ, რთული პროცესია, როცა სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტი უპრეცედენტოდ ამაღლდა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. არასდროს საქართველოს ისტორიაში, გნებავთ შევარდნაძის დროს, გნებავთ მანამდე, ან მას შემდეგ, სასამართლო ამ დონეზე თავისუფალი არ ყოფილა. ეს იყო ახალი ხილი ქართულ მართლმსაჯულებაში, ბევრმა ამ გამოწვევას ვერ გაუძლო. ვფიქრობ, ეს მაინც ჯანსაღი პროცესია. საკმაოდ რთული პერიოდიც იყო, სირთულეები არის დღესაც. ჩვენ გაცილებით მეტი მუშაობა გვიწევს, რომ მყარი მტკიცებულებებით წარვდგეთ სასამართლოს წინაშე. ეს, ცხადია, მოითხოვს გარკვეულ დროს. დაჩქარებული პროცესით ჩვენ შეიძლება მივიღოთ იგივე, რაც წინა წლებში ხდებოდა. უსამართლობით სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია.


- პატიმართა შეწყალების საქმეზე ალეკო ელისაშვილის განცხადება სერიოზული სკანდალის საფუძველი გახდა... შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორ მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება?.. რაიმე მტკიცებულებები თუ არსებობს?

 

- გამოძიება მიმდინარეობს. თქვენთან საუბრის პარალელურად, ამ წუთებშიც ხდება მოწმეთა დაკითხვა. დასაკითხია ამ ფაქტთან შეხებაში მყოფი ყველა ადამიანი. მას შემდეგ, რაც ყველა საგამოძიებო მოქმედებას ამოვწურავთ, საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. მანამდე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.


- შესაძლებელია, თუ არა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრას?

 

- ჩვენ ძალიან ბევრი საჩივარი გვაქვს, სადაც პრეტენზიებია გამოთქმული საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. ეს არის მუშა პროცესი. წინასწარ იმის პროგნოზირება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, შეუძლებელია.


- იური ვაზაგაშვილის გახმაურებულ საქმეზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა დანაშაულის უშუალო შემსრულებელი გია სოსანაშვილის სახით, თუმცა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ინფორმაცია დამკვეთების შესახებ... აგრძელებთ თუ არა ამ უშაობას ამ მიმართულებით?

 

- იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ურთულესი საქმე. მართლაც დიდი სამუშაო გასწიეს ჩვენმა გამომძიებლებმა და პროკურორებმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მკვლელობის შემსრულებლის გასამართლება და ის იხდის სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს სოფლად აფეთქებენ სასაფლაოზე, სადაც არ არსებობს მოწმე, არ არსებობს კამერის ჩანაწერები, ძალიან რთულია ასეთი საქმის გახსნა, შესაბამისად, ნამდვილად წარმატებაა, რომ ჩვენ ეს შევძელით, თუმცა გამოძიება გრძელდება და გვაქვს იმედი, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირებსაც დავადგენთ.


- ბესიკ ხარძიანის საქმეს რაც შეეხება... მესმის, რომ დეტალებზე არ ისაუბრებთ, მაგრამ ის მაინც რომ გვითხრათ, არსებობს თუ არა რაიმე ვერსია, ან ეჭვმიტანილ პირთა წრე?

 

- არათუ ვერსიები არსებობს, დადგენილია ყველა გარემოება. გამოძიებაზე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელზეც ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ცნობილია კონკრეტული პიროვნებები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ.


- პროკურატურამ არაერთხელ დააანონსა, რომ მალე გაასაჯაროებს ეროსი კიწმარიშვილის საქმებზე ჩატარებული გამოძიების შედეგებს, თუმცა ამ დრომდე კვლავ პასუხგაუცემელია მთელი რიგი კითხვები...

 

- ძალიან ახლო მომავალში ამ შედეგებს გავასაჯაროებთ. კიწმარიშვილის ოჯახთან გრძელდება კომუნიკაცია და როგორც საზოგადოებას შევპირდი, აუცილებლად სრულად გავასაჯაროებ მასალებს.


- რაც შეეხება ჟვანიას საქმეს... ცნობილია, რომ გასამართლდნენ დაცვის წევრები, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწია ექსპრემიერის გარდაცვალების ძირითად საქმეს, თუ მხოლოდ დაცვის წევრების ბრალეულობით შემოიფარგლებით?

 

- დიახ, კონკრეტული პირების მიმართ უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს საკმარისი არ არის. საბოლოოდ უნდა  გაეცეს პასუხი, იმ ავადსახსენებელ დღეს რა მოხდა საბურთალოს ქუჩაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი დროა გასული, იმდროინდელმა გამოძიებამ არ მიიღო ყველა ზომა, რომ რეალობა დადგენილიყო, პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება თავიდან გვიწვევს. ეს არის ძალიან რთული და დროში გაწელილი პროცედურები.


- ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიების პროცესში მოწვეული გყავდათ უცხოელი პროკურორებიც... კვლავ აგრძელებთ მათთან თანამშრომლობას?

 

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეეცადა ამ ადამიანების დისკრედიტაციას, მინდა დაგარწმუნოთ რომ ესენი არიან საკმაოდ ავტორიტეტული პროკურორები. მათთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილები ვართ. მათ შეისწავლეს ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების საქმეები, არსებობს შესაბამისი დასკვნები, სადაც გაიზიარეს ჩვენი მოსაზრებები და აღინიშვნა, რომ ეს იყო ყველა სტანდარტის დაცვით წარმოებული საქმეები. ეს თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და მომავალშიც ვაპირებთ, გავაგრძელოთ ურთიერთობა.


- რამდენად კმაყოფილი ხართ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით? ამბობენ, რომ ეს დეპარტამენტი მხოლოდ რამდენიმე უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილის დაბრუნებით შემოიფარგლა და სერიოზული ქონების დაბრუნების მხრივ არაფერი გაკეთებულა...

 

- თითოეულ საქმეს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა დრო სჭირდება. ბევრი რეზონანსული საქმეა ამ დეპარტამენტის წარმოებაში, თუმცა ამ საქმეებზე მტკიცებულებების მოგროვება გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თუნდაც უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილების საქმე. ამიტომაც უფრო სწრაფად იხსნება ავტომობილების საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა არ მიმდინარეობს. პირიქით, ასეთი გამოძიებები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.


- როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა... რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ საქმით თქვენი უწყებაც დაინტერესდა, მართალია?

 

- ჩვენთან სწორედ აუდიტის დასკვნის საფუძველზეა დაწყებული გამოძიება, რადგან არსებობდა გარკვეული დანაშაულის ნიშნები. ეს უნდა გადააამოწმოს გამოძიებამ, რაც რამდენიმე დღის წინ ნამდვილად დაიწყო.


- გასულ კვირას პროკურატურამ წამების კიდევ ერთი ფაქტი გამოაცხადა გახსნილად... თქვენ, როგორც მთავარი პროკურორი, ფიქრობთ, რომ ასეთ ფაქტებს, სისტემური ხასიათი ჰქონდა?

 

- სამწუხაროდ, ახლა ხელთ არ მაქვს სტატისტიკა, მაგრამ დაახლოებით 60-მდე ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ ამ და სხვა მსგავსი მძიმე ბრალდებით უკვე განაჩენია დამდგარი. ვფიქრობ, ეს ნამდვილად სისტემური დანაშაული იყო, იგივე მეგის ქარდავას მხრიდან, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მწამებელი გახლდათ. ამას ვამბობ პირდაპირ, რადგან მის მიმართ უკვე არსებობს სასამართლოს განაჩენი. ძირითადად იტაცებდნენ სამეგრელოს მკვიდრებს და აიძულებდნენ, არარსებული დანაშაულები, მათ შორის, ტერორისტული აქტები ეღიარებინათ. ერთ-ერთი ასეთი მძიმე ფაქტი იყო, რომელიც ჩვენ გასულ კვირას გავხსენით. დაზარალებული კობერიძე დღეების განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ ოთახში, აწამებდნენ და ბოლოს იქამდე მიიყვანეს, რომ სხვა სახელითა და გვარით თავადვე გადაიყვანეს ჰოსპიტალში, გამოჯანმრთელებისთანავე კი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016