ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" - სპეციალურ ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის შესაძლებლობები კიდევ უფრო კონკრეტდება. განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის წევრის სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, მოქმედი კანონიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „თუ ქმნის საავარიო სიტუაციას", რაც „სითი პარკის" მიერ სატრანსპორტო საშუალების ევაკუირების შესაძლებლობას იძლევა.
ამას გარდა, წარმოდგენილ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „სითი პარკს" აეკრძალება ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ ის ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია" ან „დგომა აკრძალულია" მოთხოვნას არღვევს, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და არ ქმნის საცობს.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდა კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ზვიად ტომარაძე, რომლის ინიციატივითაც გათვალისწინებული იქნება ფეხითმოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, კანონპროექტს ემატება ფეხითმოსიარულეთა დაცვის მექანიზმი, "ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ საჯარიმო სადგომზე იმ შემთხვევაში, თუ აფერხებს ტროტუარზე ქვეითთა მოძრაობას.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.