პიროტექნიკა ბავშვს რომ დაეღეჭა, პირში აუცილებლად აფეთქდებოდა, თუმცა, პატარამ პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა.
2 წლის ბავშვმა ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული „ასაფეთქებელი" გადაყლაპა. შემთხვევა გუშინ მოხდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. პიროტექნიკა ბავშვს რომ დაეღეჭა, პირში აუცილებლად აფეთქდებოდა, თუმცა, პატარამ პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად სახლშია გაწერილი.
„ბავშვი უკვე კარგად არის, საბედნიეროდ, გადარჩა. პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით", - განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.
შესაბამის საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე სწავლობს. „მივიღეთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა „მინსტერი" საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული. როგორც აღმოჩნდა, ის მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად შეჭამა. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს". სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მოუწოდებენ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ.
წყარო: kvirispalitra.ge