სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ინვესტორთა წახალისების მექანიზმთან დაკავშირებით მთავრობის მუშაობას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში იმდენი მექანიზმია ბიზნესის წასახალისებლად, რომ ვერავინ დაასახელებს ქვეყანას სამეზობლოში, რომელსაც ამდენი მექანიზმი შეიძლება ჰქონდეს.
მისივე განცხადებით, ზოგადად ინვესტიციების კუთხით 2015 წელი რთული წელი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.
„ზოგადად რთული წელი იყო. რთული წელი არ იყო მხოლოდ საქართველოსთვის. მგონი, ყველანი კარგად ვხედავთ, რა ხდება რეგიონში და ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორი პოზიციები დავიჭიროთ.
რა თქმა უნდა, 2014 წელთან შედარებით 2015 მარტივი წელი არ იყო და ამას ცხადყოფს ის ციფრებიც, რომელიც იყო ექსპორტის და იმპორტის ნაწილში როგორც საქართველოში, ისე რეგიონის დონეზე. თუმცა ჩვენი კუთხით მე გეტყვით, რომ არის გზამკვლევი თითოეულ რეგიონთან მიმართებაში. წარმოდგენილია კაპიტალტევადობა თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე. ჩვენ პირადად ვხვდებით ინვესტორებს და მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.