საქართველოს პარლამენტში არსებულმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა პოლიტიკური პატიმრისა და დევნილის სტატუსი 184 პოლიტპატიმარსა და 22 პოლიტიკური დევნილს მიანიჭა, იტყობინება საინფორმაციო პორტალი NEWS.GE.
მე რომ მკითხოთ, ეს სტატისტიკა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც საქართველოში რეალურად და სინამდვილეში ხდებოდა. მეტსაც ვიტყვი: იმ 184 ადამიანის სტატუსსაც „საეჭვოდ" ხდის ზოგიერთი და ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი მცდელობა ერთადერთ მიზანს ემსახურება - მთავარი ფაქტის მიჩქმალვას. რეალურმა ანალიზმა კი შეიძლება ისეთი სურათი დახატოს, რომ მართლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს „ნაცმოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი. არადა, ეს სურათი სახეზეა და მისი ნამდვილობის დადასტურებას მხოლოდ იურიდიული გაფორმება სჭირდება.
რიგითმა მოქალაქემ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ყველა დამწყებმა იურისტმა იცის, რომ სულაც არ არის აუცილებელი, „პოლიტპატიმარს" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს ცხოვრებაზე.
რაღა შორს წავიდეთ?! სტალინური რეპრესიების დროს „ტროცკიზმი" კი არა, თავად ტროცკი საჭმელი იყო თუ სასმელი, ეს რომ არ იცოდნენ, ისეთი ხალხი გაუყენეს ციმბირის გზას. როცა ქვეყანას სამასი ათასი პრობაციონერი ჰყავს, ეს პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე - საკუთარი ნება-სურვილისამებრ, ანუ კანონის გვერდის ავლით მართოს სახელმწიფო. „პოლიტპატიმრის" ცნებაც აქედან მოდის. გასაგებია, რომ იმ სამასი ათასიდან ბევრი იყო ისეთიც, ვინც ქურდობის, ძალადობის, თაღლითობისა და ყაჩაღობისათვის მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ ციხეში მათი ღირსების შელახვა-დამცირება და არაადამიანური წამებაც რეპრესიული მანქანის ინტერესებში შედიოდა. საზოგადოების ცნობიერებაში ციხისადმი პათოლოგიური შიშის ჩანერგვა „მორჩილების ინსტიტუტის" შემოღებით გაგრძელდა და ლამის მთელი ქვეყანა მოიცვა. ასეც არის. სამასი ათასი ადამიანი მოსახლეობის თითქმის ათი პროცენტია.
ასე ჩასვეს ციხეში ერთი ჩემი ნათესავიც. ერთ-ერთ უწყებაში 5 ადამიანი დააკავეს. იმ საღამოს „მექრთამეობასთან მებრძოლმა" სააკაშვილმა არასწორად მიცემული ინფორმაციის გამო (მერე გაირკვა, რომ მართლა შეეშალათ ციფრი) ტელევიზიით გვამცნო: კორუფციული გარიგებისთვის 7 პირი დავაკავეთო. შეცდომის გასწორებაზე არავის უფიქრია. აქაოდა, პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანა არ დაგვბრალდესო და... მეორე საღამოს იმ ხუთს ორიც დაუმატეს, ისე, რომ იმ ჩემმა ნათესავმა წინასწარ და თავისი ყურით ტელევიზორიდანვე შეიტყო თავისივე დაპატიმრების ამბავი. ასეთი მაგალითები „ნაცების" მოღვაწეობის პერიოდს არ აკლია. აი, რისი მიჩქმალვის სურვილი დგას იმ 184 პატიმრისა და 22 რეპრესირებულის მიღმა. ამას პოლიტიკური რეპრესია ჰქვია.
მე მგონი, გასაგებად ავხსენი. და ერთსაც ვთხოვდი ყველას. სანამ რამეზე „კომპეტენტურ" აზრს გამოვთქვამთ - ცოტათი მაინც გავიზიაროთ იმ ადამიანების მდგომარეობა, ოჯახები, ჯანმრთელობა და მომავალი რომ დაუქციეს და წლობით ახეხინეს საკნები. ამას სოციალურ ქსელში გაფილოსოფოსებულებს ვეუბნები, თორემ პოლიტიკოსებს ამ ახალი არჩევნების წინ ასეთ რჩევას ვერც „აკადრებ". ერთს მაინც ვეტყვი ხელის მოთბობის მსურველებს: ყველაფრის ფასად ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა მართვის პოლიტიკური ფორმაა. ამიტომ საქართველოში მიშას დროინდელი პოლიტპატიმარების სრული სია 184-ზე ბევრად მეტია: - სამასი ათასი!!!
წყარო: sputnik-georgia.com, მერაბ ხაჩიძე