საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მარინა მიქაუტაძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კამპანია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გოგი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ ქანთარია „რეპორტიორს" ესაუბრა.
„გაუგებარია ჩემთვის მიქაუტაძის ბრალდებები. მიქაუტაძეს სასამართლოშიც ჰქონდა შეტანილი სარჩელი ამ საკითხებზე და, რამდენადაც ვიცი, დამტკიცდა, რომ რეალობას არ შეესაბამება. დიდი ხანია მიქაუტაძის მხრიდან თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
შეგახსენებთ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მარინა მიქაუტაძე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში 2007 წლიდან დღემდე 5 000 ყალბი დიპლომია გაცემული. ამის შესახებ მიქაუტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა პროექტებზე გამოყოფილი თანხები, კერძოდ 1 მლნ ლარი უკვალოდ არის გამქრალი.
აქვე მიქაუტაძე იმ ადამიანების ვინაობას ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, თაღლითობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტებში არიან გარეული. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია.