პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.
კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში სმს-ები მართლაც იყო, თუმცა, ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.
„ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების სმს-ები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.