ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ „არჩევანის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა.
„იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ვმუშაობდი და შესაბამისად, მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა ალეკოს გაკეთებული განცხადების შემდეგ მე დავინტერესდი ამ თემით და ვკითხე პრეზიდენტს, მსგავსი სახის შეხვედრა მართლა შედგა თუ არა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ალეკო ამ კუთხით მართალს ამბობს. მართალს ამბობს იმ კუთხითაც, რომ პრეზიდენტს ნამდვილად წააკითხა მესიჯები.
პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მას ალეკო ელისაშვილმა ნამდვილად წააკითხა მესიჯები, თუმცა, მე არ ვიცი ამ მესიჯების შინაარსი. მართალია ალეკო იმ შემთხვევაშიც, როცა ამბობს, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსაც. მე ვიცი არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილისგან, არამედ პრეზიდენტისგან", - განაცხადა კოჟორიძემ.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა გუშინ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები.
ასევე გუშინ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს.