reportiori.ge - გიორგი ჟვანია: მურთაზ ზოდელავას ნათქვამი აქვს, ამ ფირების შესახებ რომ მცოდნოდა, ისინი აღარ იარსებებდნენო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:24
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ჟვანია: მურთაზ ზოდელავას ნათქვამი აქვს, ამ ფირების შესახებ რომ მცოდნოდა, ისინი აღარ იარსებებდნენო!
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 13:15


ზურაბ ჟვანიას ძმის, გიორგი ჟვანიას განმარტებით, „ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება". ჟვანიას საქმეში მთავარ მტკიცებულებად ის ფირები იქცა, რომლებიც 10 წლის წინათ პროზექტურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - ოპერატორებმა რამაზ სურმანიძემ და მიხეილ ყანდარელმა გადაიღეს. ცნობილია, რომ ეს ფირები ამ ორი წლის წინათ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სეიფში აღმოაჩინეს. სწორედ ამ ფირებზე ჩანს პრემიერ-მინისტრის ცხედარზე არსებული საეჭვო უბნები და ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.


- ბატონო გიორგი, ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ბლაგვი საგნით დაზიანება ჰქონდა მიყენებული, მაგრამ მხოლოდ ტუჩზე არსებული ნაჭდევი ახსენა. ვინ არის ის ექსპერტი, რომელმაც პრემიერის თავზე დაზიანების არსებობა დაადასტურა?


- ყველა მასალა გამოძიებაშია, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ ექსპერტების ვინაობის დასახლება არ შემიძლია. იმ ვიდეოფაილებზე, რომლებიც საქმის მასალებშია, ზურას თავზე არსებული დაზიანება ჩანს. დიახ, ერთი დაზიანება ტუჩის არეშია მიყენებული (რაც ისედაც ვიცოდით), მეორე კი თავის არეში.


- ეს ის ფირებია, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს საქმის მასალებში არ იდო?

 

- ამ ფირებს საქმის მასალებში მაშინ არავინ ჩადებდა, ისინი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სეიფში იდო. როგორც ჩანს, თავის დროზე მათ ეს ფირები კარგად ნანახი არ ჰქონდთ. ეს არის მრავალსაათიანი ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია პროზექტურაში მიმდინარე მთელი პროცესი. ალბათ, ამ ვიდეოკადრებს უბრალოდ გადახედეს და დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. კადრებზე დაკვირვებით ცალსახად ჩანს ზურას თავის არეში არსებული დაზიანებები. როდესაც ექსპერტებმა ეს ფირები ნახეს, ნამდვილად დააფიქსირეს საეჭვო უბნების არსებობა, მაგრამ არა მტკიცებულებითი ფორმით, სწორედ ეს გახლავთ ექსჰუმაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.


- როგორ გგონიათ, მურთაზ ზოდელავამ რატომ არ გაანადგურა ეს ფირები?

 

- საქმე ის არის, რომ ამ ფირებისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, თორემ მათი არსებობა მათ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. ზოდელავას ნათქვამი აქვს - არ ვაჭარბებ - ამ ფირების შესახებ რომ მცოდნოდა, ისინი აღარ იარსებებდნენო. ესე იგი, თავისი პირით წამოსცდა, რომ ამ საქმის მტკიცებულებებს ანადგურებდნენ. ფირები, რომლებზეც ვლაპარაკობ, მრავალსაათიანია. დეტალურად რომ შეისწავლო და გვამებზე ის დაზიანებები აღმოაჩინო, სპეციალურად უნდა დაჯდე და საათობით უყურო, კადრები გააჩერო, დააკვირდე, დასკვნა გააკეთო. ეს პროცედურა არავის ჩაუტარებია. ვერც იფიქრებდნენ, რომ ვინმე ამას დააკვირდებოდა, დაწვრილებით შეისწავლიდა და გამოიკვლევდა.


- ეს ის ფირებია, რომლებიც ოპერატორებმა რამაზ სურმანიძემ და მიხეილ ყანდარელმა პროზექტურაში გადაიღეს?

 

- სახელები და გვარები ზუსტად არ ვიცი, ეს ფირი გადაღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სხვა მასალებთან ერთად აღმოაჩინეს მთავარი პროკურორის სეიფში.


- ჰაკიმ ფაშას მიერ ატვირთული ვიდეომასალა ამ ფირების ერთ-ერთი დეტალია?

 

- როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშას ვიდეო ამ ფირების ერთადერთი ასლი არ არის და რაღაცა გზებით ის ინტერნეტში მოხვდა. სავარაუდოდ, ჰაკიმ ფაშას ფირი ამ ფირების ნაწილია.


- სამი ექსპერტი, რომლებიც თქვენი ძმის საქმეზე მუშაობდნენ, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა: ზაზა ოქრუაშვილი (სიმსივნე აღმოაჩნდა), ლევან სამხარაული (მოკლეს) და მამუკა ჩხაიძე - ეს უკანასკნელი სასამართლოსა და პროკურატურაში ჩვენების მიცემის შემდეგ გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა. სწორედ მამუკა ჩხაიძეა ის ექსპერტი, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ჟვანიას გვამს სისხლჩაქცევები ჰქონდა...

 

- მამუკა ჩხაიძე ჩვენების მიცემიდან ორიოდე დღეში გარდაიცვალა. მარტო ცხოვრობდა და ახლობლებმა ის თავის სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ექსპერტიზა არ ჩატარებია. როგორც მითხრეს, ოჯახმა არ ისურვა, ძალიან დასანანია.


- ბატონო გიორგი, აღმოჩენილია თუ არა ზურაბ ჟვანიას ტანსაცმელი, როგორც ამბობდნენ, დასვრილი?

 

- დასვრილი ტანსაცმელი უსუპოვს ჰქონდა, ზურას - არა. ტანსაცმელთან დაკავშირებით ცალკე ძიება გრძელდება.


- 9 დეკემბერს ზურაბ ჟვანია 52 წლის გახდებოდა. ყოფილმა მეგობრებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს?

 

- ზურას მეგობრები იყვნენ. რაც შეეხება ყოფილ მეგობრებს ნაციონალური მოძრაობიდან, ისინი დიდი ხანია, ზურას საფლავზე აღარ დადიან!


***

ის ვიდეომასალა, რომელზეც გიორგი ჟვანიამ ზემოთ ისაუბრა, გადაღებულია რამაზ სურმანიძისა და მიხეილ ყანდარელის მიერ. ჟვანიას გვამის ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტების მუშაობას ისინი მხოლოდ რამდენიმე წამით - კასეტის შეცვლისას აყოვნებდნენ. გადაღებულია 5-საათიანი მასალა (თავის დროზე ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ განაცხადა, რომ ექსპერტიზა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა). გამომძიებელ გიორგი ცხოვრებაძეს დადასტურებული აქვს, რომ ეს ვიდეომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის სეიფში იდო, ხოლო ახალი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის მოსვლის შემდეგ ოქმი შედგა და საქმის გამოძიება ზაზა შანშიაშვილს გადაეცა. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეომასალის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ნეიროქირურგებმა გოჩა ჩუტკერაშვილმა და ირაკლი ჭელიშვილმა. მათი განცხადებით, ზურაბ ჟვანიას „თავის რბილი ქსოვილებისა და ქალის გაკვეთისას სკალპის შიგნით ზედაპირზე, შუბლ-თხემის მიდამოში, მარცხნივ, აღენიშნება მუქი შინდისფერი ლაქა, რომელიც რბილი ქსოვილის დაჟეჟილობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალა-სარქვლის დათვალიერებისას, მის გარეთა ზედაპირზე, მარჯვნივ, აღენიშნება სამი პატარა ზომის ლაქა, ხოლო მარცხნივ - ერთი დიდი ზომის ლაქა, ეს ადგილი ამობურცულია, რაც უნდა შეესაბამებოდეს ძვალსაზრდელას შეშუპებას. თავის ქალის ტრეპანაციის შემდეგ მაგარ გარსზე მოჩანს მუქი ფერის ლაქები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს წერტილოვან სისხლჩაქცევებს".


ასე რომ, გარედან რა სურათიც ჩანს, კვეთის დროს სიმეტრიულად ისახება შიდა მხარეც. ამ საქმეზე დაკითხული იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი ლაშა ამბროლაძეც, რომელმაც დაადასტურა, რომ წარმოდგენილ ვიდეომასალაზე მონტაჟის ნიშნები არ არის. აქვე შეგახსენებთ პათოლოგანატომ მამუკა ჩხაიძის ჩვენებას ჟვანიას გვამის გამოკვლევის შემდეგ: „ყველა ორგანოში იყო სისხლსავსებობები, სისხლჩაქცევები". ყურადღებამისაქცევი დეტალი - ზურაბ ჟვანიას გვამის ექსპერტიზის დასკვნაში შავით თეთრზე წერია: „მკვეთრი სისხლსავსებობა. სტაზი. ჰემორაგიული უბნები, გაშრევებით გარსის ზედაპირზე, გრანულაციები". წარმოდგენილი დასკვნა ზუსტად ასახავს ზურაბ ჟვანიას თავის ტვინის მაგარ გარსში არსებულ მდგომარეობას. ეს ფაქტი თავის დროზე მამუკა ჩხაიძეს დადასტურებულიც აქვს და განმარტებულიც: „ვენური სისხლსავსებობა ნიშნავს ბევრი სისხლის დენას, სტაზი - სისხლის ნაკადის შეჩერებას. ჰემორაგიული გულისხმობს სისხლჩაქცევას სისხლძარღვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში" (გვამის შინაგან ორგანოებზე ძირითადი სამუშაო უშუალოდ მამუკა ჩხაიძეს აქვს ჩატარებული).


რაც შეეხება იმას, გვამზე ჩნდება თუ არა სისხლჩაქცევა, მამუკა ჩხაიძეს შემდეგი პასუხი ჰქონდა: „გვამზე სისხლჩაქცევა არ ვითარდება, ზურაბ ჟვანიას სიცოცხლისდროინდელი სისხლჩაქცევები ჰქონდა".


როდესაც ზურაბ ჟვანიას გვამზე თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებულ დაზიანებაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ექსპერტ კახა ერისთვის მიერ დადასტურებულად ნათქვამი, რომ ზურაბ ჟვანიას გვამს თავის არეში შემაგრებული ადგილი ჰქონდა. ამ ინფორმაციების შეჯერებით ექსპერტების საერთო მოსაზრება კი ასეთი იყო: „ზურაბ ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილის არსებობით სურათი შეიკრა - ჟვანიას თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა ჰქონდა. ესე იგი, მას თავში მოახვედრეს მძიმე საგანი, რამაც სისხლჩაქცევა გამოიწვია, ხოლო გარედან - სიმაგრე. მაგარი გარსის ქვეშ არატრავმული სისხლჩაქცევა არ არსებობს, მხოლოდ ტრავმულია".


ალექსანდრე გეჯაძე - დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტ „ვექტორის" ხელმძღვანელი:


- ბლაგვი საგანი წარმოადგენს ყოფაცხოვრების პირობებში არსებულ ნებისმიერ საგანს, რომელსაც თავისი სიმკვრივე და ბლაგვი ზედაპირი აქვს. ეს შეიძლება იყოს ჩაიდანი, ბოთლი, ცეცხლსასროლი იარაღის ტარი (და არა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება) და ა.შ. სხეულზე დაზიანება ხდება მკვრივი და ბლაგვი საგნის მოხვედრის ან ჩარტყმის შემთხვევაში. ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგს წარმოადგენს სისხლნაჟღენთი, დაჟეჟილი ჭრილობა (და არა ნაკვეთი ჭრილობა), ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა ან ნაჭდევი.


- ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაციის შემთხვევაში გამოჩნდება თუ არა მასზე ბლაგვი საგნით დაზიანებული ადგილი?

 

- ჟვანიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. საერთოდ, გვამი თუ ლპობაშია, გარეგნულად არაფერი გამოჩნდება, თუ ღრმა ლპობაშია, არც შინაგან ორგანოებზე გამოჩნდება რაიმე. ერთადერთი - ჩონჩხის ძვლები რჩება, რაზეც შეიძლება გაირკვეს, იყო თუ არა მექანიკური ზემოქმედების შედეგად გარეგანი დაზიანება, მოტეხილობა ან რაიმე სხვა.


- წინა ინტერვიუში თმის ღერის ექსპერტიზაზე ვისაუბრეთ. შესაძლებელია თუ არა, ჟვანიას გვამიდან აღებული თმის ღერის მიხედვით გაირკვეს, ადგილი ჰქონდა თუ არა ნახშირჟანგით ინტოქსიკაციას?

 

- ამ შემთხვევაში ძვლის ტვინი უფრო საყურადღებოა, ვიდრე თმა. ევროპის წამყვან ქვეყნებში დანერგილი აქვთ ისეთი სპეციფიკური მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც ზუსტად დაადგენენ, რეალურად ორგანიზმში ნახშირჟანგი იყო თუ არა. რა თქმა უნდა, გვამის განმეორებითი გამოკვლევით და ძვლის ტვინის დეტალური ანალიზით ინფორმაციის მიღება შეიძლება. რაც შეეხება თმის ღერს, მისი კვლევის შედეგად შესაძლებელია საწამლავისა და ნარკოტიკის აღმოჩენა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახშირჟანგის კვალის დადგენა ძალიან ძნელი იქნება - ნახშირჟანგი პრობლემატური გაზი და სპეციფიკური ტოქსინია.


რამდენიმე თვის წინათ, როდესაც ალექსანდრე გეჯაძეს ზურაბ ჟვანიას თავის ტრეპანაციის კადრების შეფასება ვთხოვეთ, მან განაცხადა: „ის ფოტომასალა ტრავმის არსებობას არ გამორიცხავს. ჟვანიას ტუჩზე ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, უფრო სწორად, ან ასეთი საგნის მოქედებით, ან ქვედა ტუჩის შეჯახებით რაიმე მკვრივ ზედაპირთან. ვეთანხმები მაია ნიკოლეიშვილს და მიმაჩნია, რომ ტუჩზე დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, რაც შეეხება თავზე დაზიანებას, კატეგორიული ვერ ვიქნები, შესაძლებელია იყოს როგორც  ტრავმული, ისე არატრავმული. უნდა ჩატარდეს ექსჰუმაცია, სიმართლის დასადგენად ყველა მეთოდიკა უნდა იყოს გამოყენებული".


იმავე საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლაიშვილს შემდეგი მოსაზრება აქვს: „ეჭვებით საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ რაც ჩანს, ძალიან ჰგავს დაზიანებას. ვერ გეტყვით, თავის დროზე რატომ და რისთვის დაიწერა ის, რომ დაზიანება მხოლოდ ტუჩზე იყო. ყველაზე მეტად ჩემში ეჭვს იწვევს არა დაზიანებები, არამედ გარდაცვლილის კანის ფერი. როცა ადამიანი გაზის ნამწვით ან ნებისმიერი სხვა რამით იწამლება (დავაკონკრეტებ, თუ საწამლავი საიდუმლო სამსახურების მიერ შემუშავებული არ არის), გვამზე სპეციფიკური ლაქები ჩნდება. დასკვნაში წერია, რომ ეს ორი ადამიანი CO-თი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ლაქები არ ჩანს. ყველაზე ნიშანდობლივი და დამაფიქრებელი ეს არის".


P. S. გამოდის, რომ პროკურატურას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დასადასტურებლად საკმარისი მასალა აქვს. გამოსაცხადებელია ექსჰუმაციის თარიღი. იმ ვერსიებიდან, რაც აქამდე ვრცელდებოდა, წინა პლანზე ისევ წამოიწია პრემიერის საფერფლით მკვლელობის თემამ - საფერფლეც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთია, ბლაგვი საგანი. იმედს ვიტოვებთ, რომ ირაკლი შოთაძე, რომელიც საზოგადოებას რეზონანსული საქმეების ბოლომდე მიყვანას დაჰპირდა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს მალე გამოამზეურებს!

 

მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავლი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016