თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე პარლამენტს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოგბაიძე დეპუტატებს მიმართავს შეკითხვით, როგორ და რატომ ჩააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმში. როგორც ოგბაიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, მან „ქართულ ოცნებასთან" ერთად ყველა რესურსი გამოიყენა, რათა „ნაციონალების" რეჟიმი თავიდან მოეცილებინა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და დამკვიდრდა აზრი, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა":
„ქართულ ოცნებას" ვეკითხები - რატომ არიან ჩუმად?! ჩვენ ვემსახურებოდით ერთ საქმეს, ერთად უნდა მოგვეცილებინა საშინელი რეჟიმი. ამისთვის ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და მონაწილეობა მივიღეთ არჩევნებში, მთელი ჩვენი რესურსი მოვახმარეთ იმას, რომ ეს რეჟიმი დაგვემარცხებინა. ახლა კი დამკვიდრდა აზრი, რომ ქვეყნაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა".
„ნაციონალური მოძრაობა" არ არის პოლიტიკური ძალა, ეს დამნაშავე რეჟიმია! ის უნდა გასამართლდეს. სწორედ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" თავის საპირწონედ სწორედ „ნაცმოძრაობა" აირჩია. გულისტკივილს გამოვხატავ მეგობრების მიმართ, რომლებიც იქ არიან", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
შეგახსენებთ, შალვა ოგბაიძემ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა: http://reportiori.ge/?menuid=3&id=84142&lang=1