უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეომასალას, რომელშიც მისი და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული. კადრებში ჩანს, როგორ ესროლა ავაკოვმა ჭიქა სააკაშვილს.
შს მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კომენტარსაც ეხმაურება, რომელიც დღეს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და რომელშიც პოროშენკომ ეროვნული საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას „სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ „რასისტული ქვეტექსტების" მქონე განცხადებების გაკეთება დაუშვებელია.
„პატივცემულო პრეზიდენტო, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებული ვარ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებით. ვის ადანაშაულებთ ქსენოფობიაში? სომეხს, რომელიც უკრაინაში 3 წლიდან ცხოვრობს? თქვენ მიმიწვიეთ ოფისში რეფორმებზე სასაუბროდ და სიტყვის თქმის უფლება არ მომცეს. ორჯერ მოგმართეთ, თუმცა არ გამომივიდა - როგორც ჩანს, ეს იყო თეატრი მხოლოდ სააკაშვილისთვის. მაგრამ ცხელსისხლიანი კავკასიელი მარტო ის არ არის. მართლა ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", - წერს ავაკოვი.