რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში იმყოფებიან ადამიანები რუსეთიდან, რომლებიც „სამხედრო სფეროში გარკვეული საკითხების გადაწყვეტით" არიან დაკავებული.
მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში რეგულარული რუსული ჯარები არ არიან.
„ჩვენ არასდროს ვამბობდით, რომ იქ არ არიან ადამიანები, რომლებიც სამხედრო სფეროში გარკვეული საკითხების გადაწყვეტით არიან დაკავებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ რეგულარული რუსული ჯარები იმყოფებიან. იგრძენით სხვაობა", - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს, თუმცა კიევი პრეფერენციებით და შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებითაა დაინტერესებული.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, თუმცა არა ადამიანების ფიზიკური ლიკვიდირების ხარჯზე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.