„სჯობს პროკურატურამ ექსპერტიზის შედეგად ტელეფონში არსებული ეს-ემ-ეს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაარსი აუცილებლად გასაჯაროვდება", - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან.
„გამოძიებას ვურჩიე, რომ ამ მესიჯების შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ სჯობს მათ გამოაჩინონ, რათა სახე შეინარჩუნონ. მე კანონს პატივს ვცემ და ფეხდაფეხ მივყვები გამოძიებას. სჯობს პროკურატურამ გამოაჩინოს ეს-ემ-ეს-ების შინაარსი", - განაცხადა ელისაშვილმა.
„გამოძიება მიდის სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ცხარე საუბარი გვქონდა. ჩემთვის გაუგებარი იყო ყიჟინი რატომ დასცეს, როდესაც ექსპერტიზის პასუხი არ იყო მოსული. ეს იყო სამარცხვინო საქციელი პროკურატურის მხრიდან, რომ გამოხტნენ და ზეიმობდნენ იმას, რომ ინბოქსში არ აღმოჩნდა ეს-ემ-ეს-ები. ძალიან აინტერესებდა პროკურატურას მიეღო პასუხი, სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს შენახული მესიჯები. ნატამალი რწმენა აღარ მაქვს პროკურატურის", - განაცხადა ელისაშვილმა.