ირაკლი ბათიაშვილი ყოფილ პროკურორს ირაკლი კობიძეს დაუპირისპირდა. გადაცემაში „პრიორიტეტი" ბათიაშვილმა კობიძეს მიკერძიებული, ხოლო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს სისხლიანი ხროვა უწოდა.
როგორც ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, ირაკლი კობიძე მის საქმეში ფიგურირებდა და ის იყო ადამიანი, რომელიც მისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
„ირაკლი კობიძე ჩემს საქმეში იყო უშუალოდ ბრალმდებელი. კობიძე იყო ის, ვინც მე უშუალოდ ბრალი დამდო, ვინც მოითხოვა ჩემთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ასრულებდა ადეიშვილის და სისხლიანი ხროვის დაკვეთებს. გიკვირთ ახლა? ხომ არ იტყვის, რომ ირაკლი ბათიაშვილი და ვახტანგ მაისაია პოლიტპატიმრებად უნდა იყვნენ აღიარებულნი?"- განაცხადა ბათიაშვილმა, რასაც კობიძის მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა.
ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, რომ ირაკლი ბათიაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით არ უნდა სარგებლობდეს, რადგან ის სამართლიანად იხდიდა სასჯელს.
„ბევრი საუბარი მოვისმინეთ სისხლიან ცხრა წლიან რეჟიმზე. ყველას შეუძლია კრიტიკა. ირაკლი ბათიაშვილს, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიმართ საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო შეფარდებულლ, ვერავინ მოსთხვოს, რომ პრეტენზია არ ჰქონდეს, თუმცა მე ჩემს ქმედებაზე და ჩემი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე სრულიად ვარ პასუხისმგებელი. ყოველთვის სწორად მიმაჩნდა ის, რასაც ვაკეთებდი."- განაცხადა კობიძემ.
„იმის მაგივრად, რომ ირაკლი კობიძეს ეყოს სინდისი, ნამუსი და არ გამოჩნდეს ტელევიზიაში, ყოფნის თავხედობა და სარგებლობს კიდევ იმით, რომ მე სახლიდან ვერთვები და არ ვზივარ სტუდიაში. იმის მაგივრად თვალებში ვერ შემომხედოს, ლაპარაკობს მაქვს რამის უფლება თუ არა. ჩემთვის ჩემი პოლიტპატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემი ცხოვრებისა, არის ჩემთვის საამაყო.. უკომპომისოდ ვიჯექი და ვიტანჯე იმისთვის, რომ ვებრძოდი უსამართლობას, ვებრძოდი სააკაშვილისნაირ პათოლოგიურ ხელისუფლებას."- განაცხადა ბათიაშვილმა.