საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ 347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დევნილებს ბინები გადაცემათ: თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოში და ჩხოროწყუში.
პრემიერი ფიქრობს, რომ თბილისის ზღვაზე, „ოლიმპიურ სოფელში" დევნილებისთვის ბინების გადაცემა ახალ წლამდე მოესწრება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ოლიმპიურ სოფელთან" დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერის ჩარევის შემდეგ პროგრამას კიდევ ერთი კორპუსი დაემატა.
„330 ბინა არის გამზადებული და ახალ წლამდე ჩასახლდებიან. კიდევ 300 ბინა უკვე ეტაპობრივად თებერვალსა და ივნისში გადმოგვეცემა.
მთლიანობაში, თბილისში წელს და გაისად დევნილებს სულ 1100 ბინა გადაეცემათ. ეს არის როგორც „ჰუალინგისგან" გამოსყიდული 630 ბინა, ისე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული 500-ზე მეტი ბინა უმაღლესი სტანდარტებით აშენებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.