„რა უჯდებათ ავჭალელების მაჟორიტარის ბიუროს შენახვა?" - ამ სათაურით ინტერნეტ-სააგენტო itv სიუჟეტს აქვეყნებს, სადაც მაჟორიტარის ბიუროს საქმიანობაზე, ფინანსებსა და კობალაძის საქმიანობაზეა საუბარი. სიუჟეტის დასასრულს ქუჩის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ავჭალის მოსახლეობა მათ მაჟორიტარ დეპუტატ კობა კობალაძეს არ იცნობს. აღნიშნულ სიუჟეტს ეხმაურება ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე და კობა კობალაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:
„კობა კობალაძე, რა სიკეთე აკეთე ამდენი, თვალებს რომ უბნელებ ამ საცოდავ არსებებს? მიკერძოებული, შეკვეთილი სიუჟეტის გაკეთებაც რომ არ შეუძლიათ (აბა ობიექტურსა და მართალზე სიცოცხლის ბოლომდე აცრილები არიან). ეტყობა, ძალიან ეჩხირები მავანს ყელში, იმედი აქვთ, ალბათ, გახდა კობალაძე და აწი ადვილად მოვერევით, თუ ბინძურ სიუჟეტებს გავაკეთებთ მასზეო, მაგრამ მათივე ბელადის ენაზე ვეტყვი: „ნუუუუურაააას უკაცრაააავად" თქვე მაკარაცუკა, ძონძი-კუკლებო, გენერალ კობალაძეს ვერ მოერევით! ამას მე გეუბნებით, ბავშვობიდან რომ ვიცნობ.
ნუთუ იმხელა ავჭალაში ერთი მადლიერი ადამიანი ვერ მოიძებნა? აი, ისე, „მოჩვენებითი ობიექტურობისთვის" მაინც?" - წერს სიხარულიძე და ერთ-ერთი კომენტარის ავტორს მიმართავს:
„აი, მაიკო, კიდევ კარგი, შენი თვალით ნახე, რა ხდებოდა კობას მისაღებში და შენი ყურით მოისმინე იმ უამრავი მადლიერი ადამიანის სიტყვები, რომელთა უმრავლესობასაც, ამ ადამიანმა, სულ მცირე, სიცოცხლე შეუნარჩუნა!..." - წერს სიხარულიძე.