სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, N16 პენიტენციურ დაწესებულებას ჟურნალ „ცისკარი 1852"-ის სარედაქციო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ.
სტუმრებმა მსჯავრდებულებს ჟურნალ „ცისკარი 1852"- ის ისტორია გააცნეს და საკუთარი ლექსები წაუკითხეს.
ტუმრებმა დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და საჩუქრად ჟურნალის გამოცემა და მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.
აქციაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების ინსტიტუტმა" და გამომცემლობა „ინტელექტმაც" მიიღეს. სწორედ მათი დახმარებით შეგროვდა მსჯავრდებულთათვის სასაჩუქრე წიგნები.
ღონისძიების მიზანია, მსჯავრდებულებს გააცნოს თანამედროვე ნაწარმოებები და ამავე დროს, დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლება-განვითარებაში წვლილი შეიტანოს.
პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა ჟურნალ „ცისკრი 1852"-ის სარედაქციო ჯგუფის წევრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
„მსჯავრდებულებსა და სტუმრებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრა შედგება და იმსჯელებენ იმ ნამუშევრებზე, რომელიც უშუალოდ მსჯავრდებულების მიერაა შექმნილი. ეს ძალიან დიდი სტიმულია მათთვის და ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას საზოგადოებაში",- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ჟურნალ „ცისკარი 1852"-ის რედაქტორის ამირან გომართელის განცხადებით, მსჯავრდებულებთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
„გაოცებული ვარ აქაური პირობებით. შევხვდით საინტერესო ადამიანებს. ის გადაცდომა, რაც მათ მოუვიდათ ცხოვრებაში, არის შემთხვევითობა. ჩვენი აქ ყოფნის მიზანია, მათ იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩამოვიტანეთ ჟურნალები, ასევე გამომცემლობა „ინტელექტისა" და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი წიგნები. გავიგე, რომ აქ ლიტერატურული წრე ყოფილა და გადავწყვიტე, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოში მეც მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ამირან გომართელმა.
„ცისკარი 1852" 1852 წელს დაარსდა. 2013 წელს, 160 წლის იუბილეზე კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ჟურნალს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.