საქართველო სიმბოლურად აღნიშნავს ევროკომისიის დასკვნას სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. თბილისში ევროკავშირის დროშის გამოსახულებით განათდა მთავრობის კანცელარია, მშვიდობის ხიდი, და თბილისის ანძა.
ევროკომისიამ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.