გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო. დოკუმენტი ავალდებულებს კონფლიქტის ყველა მხარეს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სირიელ ხალხს შეუძლია.
დოკუმენტის თანახმად, გაერო ვალდებულებას იღებს, ოფიციალურ დამასკოსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღოს. სამშვიდობო პროცესის დაწყება მომავალი წლის იანვარშია დაგეგმილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მიღებული დოკუმენტი ნათლად მიუთითებს, რომ „მოვიდა დრო, სირიაში მკვლელობები შეწყდეს".
„BBC"-ის ცნობით, რეზოლუციაში არ არის ნახსენები სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომლის გადადგომასაც ვაშინგტონი ითხოვს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა და სისხლისღვრის შესაჩერებლად პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს.