„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. განცხადების ტექსტს „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს!
ბ-ნო პრეზიდენტო,
კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 4 შვილის დედა, 37 წლის თეა სირაძე 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის. 2010 წელს იგი თბილისში დააკავეს. თეა სირაძეს ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას დღემდე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა.
მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წყალობით, ქალს, რომელიც საკუთარი თანხის დაბრუნებას ითხოვდა და 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, ყოვლად შეუსაბამო სასჯელი - 28 წელი მიუსაჯეს!
ამა წლის ივლისში შეწყალების კომისიამ განიხილა თეა სირაძის შეწყალების თხოვნა, თუმცა იმის გამო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა ვადით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კომისიამ მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. უარყოფითი პასუხი შეწყალების კომისიის დებულების, შეწყალების წესის შესახებ მე-2 მუხლის მე-2 გ პუნქტიდან გამომდინარეობდა: „შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი".
ბ-ნო პრეზიდენტო, გთხოვთ, შეიწყალოთ თეა სირაძე! თქვენ კანონით, შეწყალების კომისიის კრიტერიუმების გარეშეც გაქვთ ამის უფლებამოსილება!
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის ბრძანებულება №120, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ" მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე", - ნათქვამია მიმართვის წერილში.