„ადამიანური ურთიერთობები პოლიტიკაზე და სტერეოტიპებზე ბევრად დიდი ძალაა", - ამის შესახებ ჟურნალისტი და პუბლიცისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს და თავს გადახდენილ ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს:
„მგონი 2011 წელი იყო. სოჭში ვიყავი, საქმეზე (დედაჩემი სოჭელი რაჭველია). სოჭიდან უნდა გავფრენილიყავი კიევში და იქიდან თბილისში. გადავიფიქრე. გადავწყვიტე მატარებლით წასვლა ვლადიკავკაზამდე და იქიდან ლარსით საქართველოში. დამაგვიანდა მატარებელზე და დარჩენაც არ მინდოდა. საღამო იყო და მაინც მოვსინჯე ავტოსადგური, იქნებ და ავტობუსი ყოფილიყო ვლადიკავკაზამდე... და ბინგო! ნახევრადმთვრალმა მოლარე ქალმა მითხრა _ 20 წუთში მოვა ავტობუსი სოხუმი-ვლადიკავკაზი და იმას გაყევიო. ჩამოდგა ავტობუსი, ვეწევი მგზავრობის წინ უკანასკნელ ღერ სიგარეტს და მომიახლოვდა ტიპი, ასე 45 წლის, მომესალმა და მეკითხება ქართველი ხარო? კი მეთქი და როგრ მიხვდი მეთქი? დგომის მანერაზეო. დღემდე ვერ ვხვდები დგომის რა განსაკუთრებული მანერა გვაქვს ქართველებს, მაგრამ მესიამოვნა მისი დედუქცია. მოკლედ, ოჩამჩირელი აფხაზი იყო, თბილისის ციხეში ნაჯდომი და იმით გახარებული რომ ის ციხე დაინგრა. ავაგდეთ საგზაო "საწვავი", ავედით ავტობუსში, ამან ცოლი თავის აგილზე დატოვა, ჩემთან გადმოჯდა და წრუპვა წრუპვით გავუდექით გზას ის არმავირამდე (თუ არ ვცდები) მე ვლადიკავკაზამდე. არ ვიცი სხვებმა დგომის თუ ჯდომის მანერით ამოიცნეს ჩემი ქართველობა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი _ მთელმა აფხაზურ-ოსურმა ავტობუსმა იცოდა რომ მათთან ერთად საქართველოს მოქალაქე, ქართველი მგზავრობდა. არმავირთან მე და აფხაზი ერთმანეთს დავემშივიდობეთ და ცოტა ხანში ავტობუსის რყევამ ჩამაძინა კიდეც. გზაში ხშირად აჩერებდა ავტობუსს მილიცია, საბუთებს ამოწმებდნენ, ვიზა მქონდა და პრობლემა არ იყო გარდა იმისა, რომ ქრთამი იქ ტრადიციაა. ისე მოხდა რომ არცერთხელ ფული არ მოუთხოვიათ. სადღაც შუაღამეა და ჩამესმა მოგუდული ხმები თუ როგორ ურჩევენ საქმეს აფხაზები და ოსები ავტობუსში ამოსულ მილიციას არ გაბედო და ქართველთან რამე იაღლიში არ მოგივიდეს, არ შეაწუხო, ფული არ მოსთხოვო და ჩვენ მოგცემთო...
პიატიგორსკის ავტოსადგურზე ავტობუსი თითქმის დაიცალა, (ეტყობა ის ქალაქი სავაჭრო ცენტრია). დავრჩით მე ორი აფხაზი მძღოლი, რამდენიმე ოსი ქალი ბავშვებით და ავტობუსის დაშვებული ბორბალი. 2 საათი ვიწვალეთ, დავისვარეთ, რაღაც პერაშკებით ვისაუზმეთ, მე და მეორე მძღოლმა ცოტაც ჩავუფინეთ და ღუღუნით ჩავედით ვლადიკავკაზში, სადაც დავრჩი ჩემთვის ძალიან საყვარელ ოსურ ოჯახში. ეს და ბევრი სხვა ოსი ოჯახი თავის დროზე, 90-იანების დასაწყისში ქართველებმა ფაქტობრივად გავყარეთ თბილისიდან (არ გვიყვარს ეს ამბავი ქართველებს გასახსენებლად, მაგრამ ასეა, ყველას შეგვეშალა). დილით წამოვედი ლარსისკენ და საზღვარი ტაქსით გადმოვლახეთ მე და ორმა ინგუშმა კაცმა. ყაზბეგში ჩვენ სამმა მძღოლიც გადმოვსვით და პატარა დუქანში ვიხინკლავეთ....
მოკლედ, ამ ამბით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანური ურთიერთობები პოლიტიკაზე და სტერეოტიპებზე ბევრად დიდი ძალაა", - წერს უძილაური.