ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს 680 გრივნის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. "უნიანის" ცნობით, გუბერნატორი სახელმწიფო აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისა და სააღსრულებლო დოკუმენტის იგნორირებისთვის დაჯარიმდა.
საქმე ეხება ოდესის მოქალაქის საჩივარს, რომელიც გასულ წელს იმდროინდელ გუბერნატორთან იგორ პალიცასთან შეხვედრას მოითხოვდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. ამის გამო 2015 წლის ივნისში საჩივარი შეიტანა. სასამართლომ გუბერნატორს აღნიშნულ მოქალაქესთან შეხვედრა დაავალა.
სააგენტოს ცნობით, იმ დროისთვის სააკაშვილის გუნდმა, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა ოდესის ოლქს, სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ 22 ოქტომბერს კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
მოქალაქემ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღმასრულებლებს მიმართა. თუ სააკაშვილი მას კვლავ არ აღასრულებს, ორმაგი ჯარიმის გადახდა დაეკისრება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ემუქრება.