თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე „რეპორტიორთან" თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას აფასებს. კობალაძის განცხადებით, საზოგადოების ნაწილის შეშფოთება იმის შესახებ, რომ გზებზე ორმოები მრავლდება და ეს საკითხი მოუგვარებელია, მართებული არ არის, რადგან მერია გზების რეაბილიტაციას უწყვეტად ახორციელებს, როგორც ცენტრალურ უბნებში, ისე პერიფერიებში.
„ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა ვერ გვარდება. პროცესები განვითარებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით წინ მიიწევს. მიწევს ვისაუბრო მემკვიდრეობაზე, როდესაც ყველაფერი ორიენტირებული იყო დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე. ჩვენი დედაქალაქი საკმაოდ მოცულობითია, ბევრია შემოერთებული რაიონები. ბევრია ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც ინფრასტრუქტურა არაა განვითარებული. აქედან გამომდინარე, მხოლოდ გზის საფარზე არ უნდა ვისაუბროთ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. წყალსაკანალიზაციო სისტემის უზრუნველყოფაა საჭირო და ამის შემდეგ უკვე გზის საფარის მიხედვა.
ეს პროცესიც დროში გაიწელა, რადგან გარკვეული კომპანიები იღებდნენ პასუხისმგებლობებს და შემდეგ ამას ვერ ასრულებდნენ. მაგრამ, აქაც ოპერატიულად მოხდა ჩართვა, საკითხის გარკვევა და პრობლემის აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც მუშაობის და ქმედების პროცესი არ მიდის, განხილვა და ოპონირებაც არ ხდება. როდესაც მუშა პროცესია, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ, ყველაფერზე მეტყველი ძირითადად არის საბოლოო შედეგი."- განაცხადა კობალაძემ.