ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას სასამართლოში სიტყვით გამოსვლას აფასებს.
16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.
„ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - განაცხადა ახალაიამ.
ნანა კაკაბაძის თქმით, ბაჩო ახალაია ციხეში სიტუაციას ე.წ. კანონიერი ქურდების მეშვეობით აკონტროლებდა.
„ის „კანონიერი ქურდები", რომლებიც არ დაექვემდებარნენ ბაჩო ახალაიას და არ ითანამშრომლეს მასთან, ჩაყარეს მე-7 საპყრობილეში, რომელიც შს სამინისტროს „პადვალში" მდებარეობს. ხდებოდა მათი წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, თავის გადაპარსვა, ფეხის თითები დაამტვრიეს ადამიანებს და ბევრი ინვალიდის სავარძელსაც კი მიაჯაჭვეს, ხოლო, ვინც დაიმორჩილეს, მათ იყენებდნენ სხვა პატიმრების სამართავად. მათი ხელით კეთდებოდა უამრავი რამ - პატიმრების ცემა, შეურაცხყოფა, მუშაობდნენ ცრუ ჩვენებებზე... ყველაფერს აკეთებდნენ, რაც ადმინისტრაციის ინტერესებში შედიოდა.
რა თქმა უნდა, მე სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იმ პერიოდში იჯდა, დაგიდასტურებთ, რომ ბაჩო ახალაიამ სასაკლაო გაუხსნა მე-7 საპყრობილეში დაუმორჩილებელ „ქურდებს," ეს იყო რეალობა და დღეს, როცა თავადვე აღმოჩნდა იმ დაწესებულებაში, სადაც ის დანაშაულებს სჩადიოდა, გაბოროტდა და რას მიედ- მოედება, თავადაც აღარ იცის",- ამბობს ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" საუბრისას.