შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უწყების საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საავტომობილო გზებზე რეგულაციების შემოღება ქვეყანაში არსებულმა რთულმა ვითარებამ განაპირობა. ამის შესახებ ხუციშვილი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ „საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით, ძალიან რთული ვითარება გვაქვს და საშუალო ევროპულ მაჩვენებელსაც კი საგრძნობლად ჩამოვრჩებით".
„სისხლის სამართლის სტატისტიკა რომ ავიღოთ, წელიწადში 50-დან 70-მდე მერყეობს მკვლელობების შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობა, რაზეც საზოგადოებას აქვს ხოლმე კრიტიკული რეაქცია - რატომ ხდება და ასე შემდეგ. ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 600 ადამიანია, დასახიჩრებულთა რაოდენობა კი - რამდენიმე ათასი და მარტო თბილისის მასშტაბით სახელმწიფო დაზღვევისთვის გამოყოფილი თანხებიდან მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის იხარჯება 10 მილიონამდე ლარი. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე ყურადღებას არ ამახვილებს ისე, როგორც გაამახვილებდა ნებისმიერ ახალ მკვლელობაზე. ამ მხრივ, საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით, ძალიან რთული ვითარება გვაქვს და საშუალო ევროპულ მაჩვენებელსაც კი საგრძნობლად ჩამოვრჩებით. ამ პროექტის მიზანია, რომ საზოგადოებაში გაიხსნას დისკუსია. მოდი, ვთქვათ, რომ ეს მიზანი მიღწეულია..." - აცხადებს შალვა ხუციშვილი.
წყარო: „ალია" - „ქრონიკა"