ირაკლი დოკვაძე, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ, მერვე დღეა შიმშილობს. დოკვაძეს შევარდნაძის მმართველობის დროს ჯერ დახვრეტა, ხოლო შემდეგ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბოლოს კი გაამართლეს და გაათავისუფლეს. დოკვაძე სააკაშვილის მმართველობის დროს - 2009 წელს მკვლელობის მცდელობის მოტივით დააკავეს და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ირაკლი დოკვაძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მისი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. როგორც დოკვაძე განმარტავს, მის საქმეში ახალი გარემოებებია აღმოჩენილი.
აქვე დოკვაძე შეხვედრას ითხოვს ეკა ბესელიასთან, დავით უსუფაშვილთან, უჩა ნანუაშვილთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან პარლამენტის ყოფილი წევრები თენგიზ დიხამინჯია და ნანა დევდარიანი. როგორც მათ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პარლამენტის 40-მა ყოფილმა წევრმა ხელი მოაწერა მოთხოვნას, რომ ირაკლი დოკვაძის საქმე გადაიხედოს.
„თავად ის ადამიანიც კი, ვისი მკვლელობის მცდელობის გამოც დოკვაძე სასჯელს იხდის, აცხადებს, რომ ირაკლი დოკვაძე არ არის დამნაშავე და უკანონოდ იხდის სასჯელს.
ირაკლი დოკვაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ შემოკრას განგაშის ზარი. უნდა ჩაერიონ საქმეში უფლებადამცველები. საქმე უნდა გადაიხედოს", - განაცხადა თენგიზ დიხამინჯიამ.
ნანა დევდარიანი ირაკლი დოკვაძის საქმეს ხელისუფლების ლაკმუსის ქაღალდს უწოდებს.
„ირაკლი დოკვაძის ბედი არის უნიკალური იმით, რომ ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში, რა უბედურებაც დაატყდა ქართველ ერს, ყველაფერმა ამან ასახვა პოვა ირაკლი დოკვაძის ბიოგრაფიაში.
ეს არის ჩვენი სინდისის საკითხი. დაზარალებულის ჩათვლით, ყველამ ვიცით, რომ ამ ადამიანს ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის 30 წელი ციხეში უნდა იჯდეს. ჩვენ თუ ამას მივიღებთ, ეს უკვე ჩვენი სინდისის პრობლემაა. დოკვაძის საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი დღევანდელი ხელისუფლებისთვის", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.