თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის თანადგომით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თბილისს გერმანიის „HELIOS Klinikum"-ის სამედიცინო საბჭოს წევრი, ქალაქ ჰილდესჰაიმის ფილიალის ქირურგიის ცენტრის დირექტორი, ქირურგ-ონკოლოგი, პროფესორი Axel Richter M.D. და კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი Jürgen Tebbenjohanns ესტუმრნენ.
გერმანელმა სპეციალისტებმა ქართველ პაციენტებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს იმ პაციენტებს, რომლებსაც ქირურგების საქართველოში მომდევნო ვიზიტის დროს თანამედროვე დონის ოპერაციები სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ. „HELIOS Klinikum"-ის ექიმები ასევე სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხეს და ქართველი კოლეგებისთვის მასტერ-კლასები გამართეს.
პროექტი წელიწადზე მეტია საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანადგომით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორების მოწვევა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა და განვითარება.
პროექტის ფარგლებში საქართველოში უცხოეთის წამყვანი კლინიკების ექიმები, ქართველი კოლეგების მონაწილეობით უფასო ოპერაციებს ატარებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება.
ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების სტანდარტის ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც საშუალებას მოგვცემს დავნერგოთ იმ სახის მკურნალობის მეთოდები, რომელთა მისაღებად დღეს-დღეობით პატიენტების გაგზავნა საზღვარგარეთის ძვირადღირებულ სამედიცინო ცენტრებში ხდება.
http://www.helios-kliniken.de/