ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის თავზე საავდრო ღრუბლები ჯარდება. დიახ, რამდენიმე დღის წინათ, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსენ ჭიქა ესროლა და დაუყვირა - „გასტროლიორო, გაეთრიე უკრაინიდან!" სააკაშვილთან მწვავედ არის დაპირისპირებული უკრაინის პრემიერ-მინისტრი იაცენიუკიც. რა ბედი ელის საქართველოს დამაქცევარ ოდესის გუბერნატორს და როგორ შეიძლება დასრულდეს ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი კრიმინალი სააკაშვილის უკრაინული ეპოპეა? ამ თემაზე ვესაუბრებით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილ მრჩეველს ირაკლი გოგავას, რომელმაც უკრაინული პოლიტიკის ავან-ჩავანი შესანიშნავად იცის:
- სააკაშვილმა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის ძარცვა-ყვლეფით მილიარდები დააგროვა, საკუთარი წვლილი შეიტანა უკრაინული „ევრომაიდნის" დაფინანსებაში. გარდა ამისა, მან ამერიკის პოლიტიკურ წრეებში ლობირება გაუწია პოროშენკოს, რათა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დასახელებულიყო და არა - ვიტალი კლიჩკო, რომელიც რეიტინგით ყველას უსწრებდა.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ პოროშენკომ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის თანამდებობა მისცა, მაგრამ იგი ამას არ ჯერდება და უფრო დიდ „ტორტის ნაჭერს" ითხოვს.
- მაინც, კონკრეტულად რას ითხოვს?
- სააკაშვილმა მოახერხა და ოდესის საბაჟოზე პირადი კონტროლი დაამყარა, თუმცა, პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი და სხვა ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფები ფულის გაკეთების საშუალებას მაინც არ აძლევენ!
დიახ, როცა სააკაშვილმა ოდესის საბაჟო კონტროლქვეშ მოაქცია, უკრაინის მინისტრთა საბჭომ ქვეყანას სხვა საბაჟოებზე განბაჟების ტარიფები საგრძნობლად შეამცირა. ამდენად, ოდესაში ტვირთები კი შედის, მაგრამ დოკუმენტაცია კიევსა და დნეპროპეტროვსკში იგზავნება, სადაც განბაჟება გაცილებით იაფად ხდება და სააკაშვილს საშუალება არ ეძლევა ოდესის საბაჟოდან დიდი ფული იშოვოს!
სააკაშვილმა ოდესის პორტისპირა ქარხნის ხელში ჩაგდებაც დააპირა. ეს არის ოდესის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საწარმო, რომლის საბაზრო ღირებულება მილიარდნახევარი დოლარია. სააკაშვილს უნდა, რომ ეს ქარხანა გაყიდოს და მინიმუმ 20 პროცენტი ჯიბეში ჩაიდოს, რაც დაახლოებით 300 მილიონი დოლარია.
თუმცა, სააკაშვილს ამ ყველაფერში პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი უშლის ხელს და საშუალებას არ აძლევს,რომ პრივატიზაციის საკითხები ერთპიროვნულად გადაწყვიტოს.
- როგორც უკრაინულ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალებიდან ირკვევა, სააკაშვილი რუს ოლიგარქებთან ფარულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებსაც არ ერიდება?
- დიახ, სააკაშვილი შეხვდა რუსული სამრეწველო გიგანტის - „ურალხიმის" მეპატრონე დიმიტრი მაზეპინს, რომელიც თავის დროზე, რუსეთის გაერთიანებული მანქანათმშენებლობის კონცერნის ფარგლებში, კახა ბენდუქიძესთან თანამშრომლობდა.
სააკაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც იბრძვის, რათა დაფინანსების 20 პროცენტი, „ატკატის" სახით, ჯიბეში ჩაიდოს. კერძოდ, ლაპარაკია ოდესა-რენის გზაზე, რომლის მშენებლობასაც დაახლოებით 300 მილიონამდე დოლარი სჭირდება. სააკაშვილი ამ ფულს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისაგან ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით უარს ეუბნებიან!
- გამოდის, რომ სააკაშვილს უკრაინაში ფრთები აქვს შეკვეცილი?
- სააკაშვილს პრეზიდენტ პოროშენკოსაგან, თითქოს, მხარდაჭერა აქვს, თუმცა, მისი დაცვით არც პოროშენკო იკლავს თავს.
დიახ, სულ ცოტა ხნის წინათ პოროშენკომ სააკაშვილს შოუმენი უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო საქმიანობაში შოუბიზნესის ადგილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს ამერიკის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჯერ კიდევ მხარს უჭერენ და ამის გამო იგი ჯერჯერობით დაუსჯელია, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილთან მიმართებაში უკრაინელების მოთმინების ფიალა თანდათან ივსება, რაზეც ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს, როცა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა!
უკვე აშკარად ჩანს, რომ უკრაინელები სააკაშვილის უკრაინიდან განდევნას ცდილობენ!
- ამერიკის რომელი პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ მხარს სააკაშვილს?
- სააკაშვილს მხარს უჭერს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო ჯგუფი სენატორ მაკ-კეინის ხელმძღვანელობით! ეს ჯგუფი, სხვადასხვა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, პოროშენკოს აიძულებს, რომ სააკაშვილი შეინახოს და უკრაინაში პოლიტიკური ფუნქცია შეუნარჩუნოს!
საერთოდ, სააკაშვილი თავისი დროის 70 პროცენტს ფულის კეთებას უთმობს, დანარჩენ დროს კი ამ ყველაფრისათვის პოლიტიკური ფასადის შექმნაში ხარჯავს!
თუ უკრაინის მაღალჩინოსნები - პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სხვები - სააკაშვილის კორუფციული სქემების შესახებ ისეთი დოკუმენტების დადებას შეძლებენ, რომლებზეც ამერიკელებიც კი თვალს ვერ დახუჭავენ, მაშინ სააკაშვილის „გვერდზე გაწევა" გარდაუვალი გახდება და უკრაინა ამ შავი ჭირისაგან გათავისუფლდება!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"