თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
„რუსული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა უკვე 600-ს აღემატება. ზოგიერთი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულია 800-მდე ადამიანი. გვსურს, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ აქედან 150-ზე მეტი - ბავშვია", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი ინფორმაციით, 20 დეკემბერს რუსული ავიადარტყმების შედეგად პროვინცია იდლიბში 200 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა თვითმფრინავებმა 4 000-მდე ავიადარტყმა განახორციელეს, აქედან 90%-ზე მეტი მიმართული იყო შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძვის.
მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიაში რუსეთის ქმედებები „ისლამურ სახელმწიფოს" კიდევ უფრო აძლიერებს.