„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ, მტყუან-მართალი მხოლოდ პროკურატურამ უნდა დაადგინოს. რადგანაც, მისი თქმით, საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება და ბევრი კითხვა ისმება, რომ თუკი პრეზიდენტს ახსოვს ელისაშვილთან შეწყალების საკითხზე სკანდალური საუბრის დეტალები, მაშინ რატომ არ ახსოვთ თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს.
დოლიძის განცხადებით, პროკურატურამ ამ რეზონანსული საქმის გამოძიებით საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს, რომ ის ხელისუფლების ხელში ბრმა პოლიტიკურ იარაღს არ წარმოადგენს.
დეპუტატის თქმით, მისთვის არც ის არის დასაჯერებელი, რომ ელისაშვილი ტყუის და არც ის, რომ კობახიძე და ბესელია კორუფციულ ქმედებას ახორციელებდნენ. ამიტომაც, მისი აზრით, გადამწყვეტი და მნიშვენელოვანი სიტყვა ახლა მხოლოდ გამოძიებამ უნდა თქვას.
- რას ფიქრობთ ელისაშვილის სკანდალურ განცხადებაზე და მსგავსი ფაქტების შესახებ თქვენ თუ გსმენიათ?
- რასაც ალეკო ელისაშვილი ამბობს, იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ, ჩემი აზრით, ალბათ რაღაცა საფუძველი გააჩნია. სხვაგვარად არ მგონია, რომ ადამიანმა ასეთი სკანდალური და წარმოუდგენელი რამ მოიგონოს. პროკურატურა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩაჰყვნენ, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს. თუკი ასეთ ფაქტებს ადგილი მართლაც ჰქონდა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მისი ობიექტური გამოძიება ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე სკრუპულოზურ გამოძიებას საჭიროებს.
- ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებით, ალეკო ელისაშვილმა ეს განცხადება წინასაარჩევნოდ გააკეთა და მხოლოდ პოლიტიკური თამაშია. როგორ ფიქრობთ, მან ამ ფაქტების შესახებ პროკურატურაში განცხადება წელიწადნახევრის წინ რატომ არ გააკეთა?
- მე არ მინდა, რომ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური თამაში დავაბრალო. არც ის მინდა დავიჯერო, რომ ჩემი კოლეგები - მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ამ თემასთან დაკავშირებით დამნაშავეები არიან. მე პირადად ამის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. გამოძიებამ ძალიან კარგად და სწრაფად უნდა იმუშაოს, რათა მოსახლეობის თვალში თავად პროკურატურის იმიჯი არ შეილახოს. ახლა ყველაზე მეტად მათ ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდნენ.
- ვნახეთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელისაშვილი და პროკურატურა ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან. ელისაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა პოლიტიზებული აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, მას ამის თქმის საფუძველი რამდენად აქვს?
- პროკურატურა რომ პოლიტიკურ თამაშშია ჩაბმული, ეს „თავისუფალმა დემოკრატებმა" საკუთარ თავზე გამოვცადეთ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს სისტემა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს. ამიტომაც პროკურატურამ და მისმა ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებას ეს განცდა აღარ ჰქონდეს, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.
- ელისაშვილმა თქვა, რომ ეს ინფორმაცია, როგორც თავდაცვის მინისტრს თამარ ხიდაშელს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და პრეზიდენტს მიაწოდა. ხიდაშელმა და უსუფაშვილმა თქვეს, რომ მათ საკრებულოს წევრისგან ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. მაგრამ პრეზიდენტმა ეს დაადასტურა. როგორ ფიქრობთ, რატომ კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?
- საერთოდ, ჭორის დონეზე საუბარი არ მიყვარს და ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში სიმართლეს ვინ ამბობს. რა თქმა უნდა, მათი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს და საზოგადოება დაბნეულია. ისმება კითხვები, თუკი პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის საუბარი ელისაშვილთან ახსოვს, მაშინ რატომ არ ახსოვთ ხიდაშელსა და უსუფაშვილს? მე არ ვიცი, საზოგადოება ვის უნდა ენდოს. ამიტომაც ვიძახი, რომ ამ კითხვებს დეტალური პასუხი მხოლოდ პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა გასცეს. არ მინდა, რომ ვინმეს ბრალი უსაფუძვლოდ დავდო.
წყარო: „რეზონანსი"