„სამი წელი გავიდა, ბევრი დრო დაიკარგა და ახლაც არის საშიშროება, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება", - ასე ეხმაურება უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ვლადიმირ პუტინის განცხადებას საქართველოსთან სავიჟო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებას აღნიშნულზე. როგორც ხაბურძანიამ „კვირის ქრონიკას" განუცხადა, აუცილებელია, საქართველოს წარმომადგენლობა ჩავიდეს მოსკოვში და წარიმართოს მოლაპარაკებები.
„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა უფრო მეტი აქტივობა და თუნდაც ზურაბ აბაშიძის დონეზე დაწყებულიყო მოლაპარაკება მოსკოვში. იმედია, ეს განცხადებები არ ჩაიკარგება ჩინოვნიკურ აპარატებში. კი მაგრამ, პუტინმა რამდენჯერ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადებები, რომ თბილისში ყურადღება მიაქციონ? სამი წელი გავიდა, ბევრი დრო დაიკარგა და ახლაც არის საშიშროება, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
პრემიერის შეფასება არ არის საკმარისი. უნდა ჩავიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ, ვისაც საჭიროა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ქვედა რგოლებში მაინც. ერთია პუტინის განცხადებები, მეორეა - როგორ წავა პროცესები ტექნოლოგიურად", - განაცხადა ხაბურძანიამ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"