„Amnesty International"-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში 200 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ავიადარტყმებს ასევე მასშტაბური და გაუმართლებელი ნგრევა მოჰყვა. „Amnesty International"-მა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ 30 სექტემბრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, სირიის ხუთ რეგიონში განხორციელებული 25 ავიაიერიშის მონაცემები გააანალიზა. ორგანიზაციის ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ისეთი საჰაერო შეტევა, როდესაც ათობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, არანაირი სამხედრო სამიზნე მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა. ძირითადად, საჰაერო დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოზე, ბაზარსა და მეჩეთზე.
„Amnesty International" მიიჩნევს, რომ რუსეთმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები სერიოზულად დაარღვია.