ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში ახმეტელის თეატრის დებიუტი შედგა. ოთხი მსახიობით დაკომპლექტებული თეატრალური დასი სპექტაკლით "2+2=2" ბრაზილიელი აუდიტორიის წინაშე წარსდგა, იყო მაყურებლის სრული ანშლაგი... გარდა ამისა, დასის მსახიობები ბრაზილიის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბურ კონცერტზე მუსიკალური ნომრებითაც წარსდგნენ. მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი „რეპორტიორს" თავის შემოქმედებაზე, სპექტაკლსა და ამ წარმატებულ გასტროლზე უამბობს...
- ბავშვობიდან კინომანი ვიყავი. ფილმში რასაც ვხედავდი, იმის ინსცენირებას ვაკეთებდი სახლში. შემდეგ სპორტზე გადავერთე. იმ პერიოდში არც სიმღერა მაინტერესებდა და არც სამსახიობო კარიერა.
მადრიდში წასვლა მომიწია, სადაც ორი წელი ვცხოვრობდი. იქ კოლეჯში ვსწავლობდი, თან ფეხბურთს ვთამაშობდი. შემდეგ მოვხვდი დასში, „თეატრის გაკვეთილი" - ასე ერქვა. ორ თვეში ესპანური ენა ვისწავლე და იქ უკვე ესპანურად ვთამაშობდი. სამსახიობო ხელოვნების წარმომადგენლებს ძალიან მოვეწონე. შემიყვარდა ეს სფერო და აქ რომ ჩამოვედი, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.
ალექსანდრე ქანთარიას ჯგუფში ვისწავლე, სერიოზული ჯგუფი შეგვკრიბა, რადგან დღეს ყველა თავის საქმეში მეტ-ნაკლებად წარმატებულია. ნუკრი ქანთარიამ ყველა სამსახიობო გზაზე დაგვაყენა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. სწავლის პერიოდში ძალიან კარგ სპექტაკლებში ვითამაშე.
- როგორ მოხვდით ახმეტელის თეატრში?
- მეოთხე კურსზე, რევაზ შატაკიშვილის დადგმულ იონესკუს „მაკბეტში" ვითამაშე. თეატრალურის სცენაზე სპექტაკლი სამჯერ წარმოვადგინეთ. ერთ-ერთ სპექტაკლს ლაშა ჩხარტიშვილი ესწრებოდა და სწორედ მან გამიწია ახმეტელის თეატრში რეკომენდაცია, სამხატვრო ხელმძღვანელ ირაკლი გოგიასთან. პირველი სპექტაკლი იყო „ჰამლეტიკა", იტალიელმა რეჟისორმა დადგა. მერე უკვე შტატში ამიყვანეს.
- შემდეგ უკვე ფილმებში მოხვდით...
- სრულმეტრაჟიან ფილმში არ ვარ გადაღებული, უფრო სერიალებთან და მოკლემეტრაჟიან ფილმებთან მაქვს შეხება.
იცით, რა მაგარი გრძნობაა, როდესაც შესაძლებლობა გაქვს, ორივე ადგილას იყო... ყველაზე საოცარი შეგრძნებაა მსახიობისთვის, როცა შეუძლია, საკუთარი თავი არეგულიროს. კინოსა და დრამის მსახიობი ვარ, შესაბამისად, ორივეში უნდა ვიყო. არ გამოვყოფ, რომელი სჯობს,- თეატრი თუ კინო. ყველაფერს თავის ხიბლი აქვს.
- ახლა გვესაუბრეთ გასტროლზე ბრაზილიაში, სადაც წარმოადგინეთ სპექტაკლი „2+2=2"...
- ზოგადად ახმეტელის თეატრი იმითაც არის ცნობილი, რომ ბევრი უცხოელი რეჟისორი ჩამოჰყავს. საქართველოში ბრაზილიელი რეჟისორი როდრიგო ფიშერი ჩამოვიდა, ძალიან კარგი ადამიანია. როდრიგო კვლევას აწარმოებდა, თუ რა შუალედი შეიძლება დაიჭიროს მსახიობმა თეატრსა და კინოს შორის და როგორ უნდა გადმოსცეს სცენაზე ყველაფერი. მან დადგა სპექტაკლი „2+2=2". მთელი სპექტაკლი იმპროვიზაციაზე გვაქვს აწყობილი. აქ ძალიან ბევრი ტექნიკურ მხარეზეა დამოკიდებული, პროექციები და ა.შ... კამერა ყველაფერს იღებდა, რასაც ვთამაშობდით. ფაქტობრივად, ეს მოდერნისტული დადგმაა.
- რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს და სპექტაკლზე მუშაობის პროცესს...
- რეჟისორმა ჩამოსვლისთანავე ასეთი რამ თქვა, „ჩვენი წესები არის ის, რომ წესები არ გვაქვს". რეჟისორი და პლუს ოთხი მსახიობი - გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე, სოფია სებისკვერაძე და მე. ეს ოთხი მსახიობი რეჟისორთან ერთად ვფიქრობდით, ერთმანეთის აზრებს ვიზიარებდით. რა თქმა უნდა, ხაზები რეჟისორმა დააწყო. ჩვენი ცხოვრებიდან ავიღეთ ისტორიები, გვინდოდა ბუნებრივი ყოფილიყო. თითოეული მონოლოგი ჩვენს რეალურ ისტორიებზეა აწყობილი.
თავიდანვე გადაწყდა, რომ სამი კვირის განმავლობაში პროდუქტი ერთად უნდა შეგვექმნა, იქიდან გამომდინარე, რომ როდრიგოს სურდა, ეს ბუნებრივი, ძალიან ახლო და მისაღები ყოფილიყო ხალხისთვის.
ჩვენმა უახლოესმა მეგობარმა ირაკლი კაკაბაძემ, ფსევდონიმით - ანტონინ მარტო, ეს ყველაფერი დრამატურგიულად გამართა.
შემოქმედებითმა ჯგუფმა - სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ, მხატვარმა მარიკა კვაჭაძემ, ასევე ელენე ბაბაკიშვილი, რომელიც სულ გვერდში გვედგა, უდიდესი შრომა გაწიეს, ღირებული რომ ყოფილიყო ეს ყოველივე...
მუსიკა ირაკლის ტექსტებზე დავწერეთ და ასევე მისი ბევრი ტექსტი მთლიან სპექტაკლშია გამოყენებული.
მსახიობები ჩვენივე რეალური სახელებით ვანსახიერებთ პერსონაჟებს.
მუსიკაც ინტერნაციონალური გვინდოდა ყოფილიყო და ქართული ფოლკლორისა და ალტერნატიული როკის ვარიანტში, ინგლისური და ქართული ტექსტებით, ერთგვარი სინთეზი გავაკეთეთ. ბრაზილიაში რომ ჩავედით, იქ მონოლოგი ესპანურად მქონდა, ბევრს ესმოდა. ვინც ქართულად საუბრობდა, როდრიგომ პორტუგალიურად ტიტრები გაუკეთა. ბუალის ტიპის თეატრია, ანუ ინტერაქტივი, სცენაზე მაყურებელიც ამოგვყავდა და ფაქტობრივად სპექტაკლის მონაწილე ხდებოდა.
პირველი ქართული თეატრი ვართ, რომელიც ბრაზილიაში ჩავიდა. ვფიქრობ, ქართული და კონკრეტულად ახმეტელის თეატრის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა.
- ფესტივალზე გვიამბეთ... ამ ფესტივალში ალბათ, სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ...
- ფესტივალს ერქვა „Cena Contemporanea" - „თანამედროვე სცენა" ასე ითარგმნება. ამ ფესტივალზე მრავალი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ... ესპანელებიც იყვნენ... ბევრი ხალხი გავიცანით, მსახიობები, რეჟისორები, მთავარი ორგანიზატორიც, რომლებიც ძალიან დადებითად აფასებდა ჩვენს შემოქმედებას...
ასევე აღვნიშნავ, რომ რატომღაც საქართველოს ბევრი რუსეთის ნაწილად მოიაზრებდა, გავაგებინეთ, რომ ასე არაა და კიდევ ის, რომ საქართველო დიდი კულტურის მქონე ერია.
- როგორ შეირჩა თქვენი დასი ამ ფესტივალზე გასვლისთვის?
- მადლობა ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს ირაკლი გოგიას, რომელიც როდრიგო ფიშერთან მეგობრობს და სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. ირაკლი ძალიან ბევრ ფესტივალზე დადის და თავისი სპექტაკლები მიაქვს. ცდილობს, უცხოელები ჩამოიყვანოს, რომ აქ შექმნილი პროდუქტი უფრო ფართო ასპარეზზე გავიდეს...
- სპექტაკლის სახელწოდება... რატომ „2+2=2"?
- რადგან გვინდოდა, რომ ინტერნაციონალური ყოფილიყო, ავარჩიეთ ციფრები და არა ვთქვათ, სახელწოდება, რომელიც მრავალჯერ უნდა თარგმნილიყო. ციფრები უფრო უნივერსალურია, სახელწოდების სიღრმეც ეს არის, რომ მარტივია.
- ბრაზილიურმა აუდიტორიამ როგორ შეგაფასათ?
- ყველამ ძალიან დადებითად შეგვაფასა. დიდი რიგები იყო, ანშლაგი, ფეხზე წამოდგომები და ა.შ... ეს არის მცირედი, რასაც ვყვები, თუმცა ამაზე მეტიც იყო. ბევრი ისეთი მომენტია, რითიც აუდიტორიას იყოლიებ და მისი ნაწილი ხდები და ასევე ისინი ხდებიან შენი ნაწილი... ჩვენ სპექტაკლის თამაშისას ფარდაც კი არ გვაქვს, ანუ არ ვუშვებთ ფარდას... სპექტაკლიც საინტერესოდ იწყება, გაურკვევლობაში ხარ, ვერ ხვდები, როდის დაიწყო ან როდის დასრულდა. ზოგჯერ სპექტაკლის დასრულების შემდეგ ვხუმრობთ კიდეც, რომ „აი, ახლა ვიწყებთ სპექტაკლს..." მათთვისაც რაღაც ახალი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ხმები, ქართული ფოლკლორის ელემენტები, მრავალხმიანი სიმღერა მოისმინეს... მუსიკის სინთეზმა აუდიტორიაზე დიდი გავლენა იქონია. ხალხისგან უდიდესი სითბო ვიგრძენით.
საქართველოში ძალიან კარგი პრემიერა გვქონდა, რომელსაც ესწრებოდნენ უცხოელებიც, ქართველი კრიტიკოსებიც.
- ბრაზილიის დედაქალაქში ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტზე, სპექტაკლში მონაწილე ოთხივე მსახიობი მუსიკალური ნომრებით წარსდექით, ამაზე გვიამბეთ და იყო თუ არა გეგმაში ამ კონცერტზე გასვლა?
- იდეის დონეზე ვიცოდით, რომ რადგანაც ვმღერით და ვუკრავთ, შეიძლებოდა, კონცერტზეც გავსულიყავით. დატვირთული დღისა და სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის მთავარ მოედანზე წავედით. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ სცენაზე გავედით ბრაზილიაში ყველაზე წარმატებული ბენდის შემდეგ, სადაც საკმაოდ გავლენიანი დრამერი უკრავდა. მე აკუსტიკური გიტარით, გიგი კახონით, სოფო - შეიკერით, გიორგი ცხადაძე ფანდურით... ხომ ხვდებით, ჩვენი ბენდი რამდენად ღარიბულად გამოჩნდებოდა, იმ ბენდთან შედარებით, რომელიც ყველანაირი ინსტრუმენტით იქნებოდა დაკომპლექტებული. თუმცა ჩვენი გამოსვლა ხალხმა მაინც ძალიან კარგად მიიღო. ზოგადად, კონცერტის დღე ძალიან პრობლემატური და კურიოზული იყო...
ბრაზილიელებს თავიდან ქართული სიმღერები მოვასმენინეთ, აკაპელაში „მრავალჟამიერიც" შევასრულეთ. ბოლოს ჩემივე გადაკეთებული „Gangster's Paradise"-ის ქავერი ვიმღერე. როგორც მომღერალს, დამამახსოვრდა და მაშინ ვერ გავიაზრე, თუ როგორია ბრაზილიის დედაქალქში მთავარ მოედანზე იდგე და „Gangster's Paradise"-ის მღეროდე. მთელი აუდიტორია ამყვა. არ მიყვარს ხალხთან გარკვეული კედლის აღმართვა, ვფიქრობ, არტისტი ხალხისთვისაა... საბოლოო ჯამში ყველაფერმა ფანსტასტიკურად ჩაიარა.
ბრაზილიის ცენტრალურ მოედანზე
- გარკვეული სახის შემოთავაზებები ხომ არ გქონიათ, არ დაინტერესდნენ თქვენით უცხოელები?
- კი, როგორ არა... იქვე რაღაცეებზე მოლაპარაკებები მიდიოდა, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი არ ვიცი... ამას სამხატვრო ხელმძღვანელი აგვარებს. მგონი, იქვე დაისახა სხვა ფესტივალებზე წასვლის იდეებიც...
- კიდევ ხომ არ აპირებს თქვენი დასი უახლოეს მომავალში გასტროლზე, თუნდაც ამავე სპექტაკლით გასვლას?
- კი, ვაპირებთ. სხვათაშორის, ჩვენი თეატრის დასი საფრანგეთში იყო ტერაქტამდე ორი კვირით ადრე. მნიშვნელოვანია, რომ თეატრი ხშირად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. ყოველთვის უნდა ეცადო, შენი, ქართული პროდუქტი სხვებსაც გააცნო.
საქართველოშიც ბევრი გასტროლი გვაქვს, სანდრო ახმეტელი მაჩხაანელი იყო, იქ თეატრი გაუქმებულია. ჩავედით და „მოძღვრის აღსარება" ვითამაშეთ. იქაური მაყურებელი მოვიდა, ეს ჩამონგრეული კედლები შევავსეთ და ასე ვთქვათ, განვაახლეთ, ხალხს ძალიან გაუხარდა.
- და ბოლოს, რა ხდება თქვენს მუსიკალურ კარიერაში, ცოტა ხნის წინ დიდი გამოხმარურება მოჰყვა უკრაინულ „იქს ფაქტორში" თქვენს გამოსვლას...
- ვცდილობ, არაფრით ჩამოუვარდებოდეს სამსახიობო ხელოვნება ჩემს მუსიკალურ კარიერას. როცა ერთი უფრო წინ აიწევს, მეორეს ვუთანაბრებ და ა.შ... ჯერ არაფერი განსაკუთრებული, თუმცა, სულ ახლის ძიებაში ვარ, ყველაფერი წინ არის... ვშრომობ იმისთვის, რომ ყოველდღიურად განვვითარდე, როგორც მსახიობი და როგორც მომღერალი. შრომის ერთადერთი საზღაური აპლოდისმენტები და ადამიანების სიყვარულია.
ახმეტელის თეატრი, სპექტაკლი 2+2=2 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „ Cena Contemporanea 2015" კატალოგი. ბრაზილია.
შეხვედრა საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან - ბატონ ოთარ ბერძენიშვილთან