საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ნათქვამია, რომ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღე წელიწადში 2-ჯერ განისაზღვრა.
განჩინების მიხედვით, სინოდმა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე იმსჯელა და რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს.
„წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ - ვნების შვიდეულის პარასკევს და 1 (14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება. ელიოზის დის კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1 (14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
განჩინების ტექსტში ნათქვამია, რომ წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.
განჩინების ტექსტშია ნათქვამია, რომ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ - 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.